მეუფე სპირიდონის შვილი, ელისაბედ აბულაძე სოციალურ ქსელში მამას დაბადების დღეს ულოცავს:
დღეს მეუფე სპირიდონის დაბადების დღეა❤️
არასდროს არაფერი დამიწერია აქ მამაჩემზე, არც არასდროს გამიმართავს ვინმესთან პოლემიკა, როცა სადმე მეუფესთან დაკავშირებით ტყუილებზე აგებული სტატია შემხვედრია, ან სიუჟეტი მინახავს. არა იმიტომ რომ სათქმელი არაფერი მაქვს… უბრალოდ მგონია, როგორი ობიექტურიც უნდა ვიყო, ვინც მეუფე სპირიდონს სათანადოდ არ იცნობს, ჩათვლის, რომ შვილის პოზიციიდან ვწერ.
…ერთი ამბავი ხშირად მახსენდება ჩემი ბავშვობიდან და დღემდე მეღიმება ხოლმე:) მე და ჩემი მეგობარი თავს უკვე დიდ გოგოებად ვთვლით და სერიოზულად ვმსჯელობთ, ზოგადად, მამების ტვირთსა და პასუხისმგებლობაზე. ჩემი მეგობარი ძალიან გულწრფელად მეუბნება, ჩვენი მამები მთელი ცხოვრება მხოლოდ ჩვენთვის წვალობენ და შრომობენ, მამაშენიც ეგრე არ არისო?.. მე გავჩუმდი და გულში გამეცინა.. აბა , როგორი ასახსნელია, რომ მამაშენი, რა თქმა უნდა, ოჯახზე ზრუნავს, მაგრამ პირად და ოჯახის ინტერესზე მაღლა ეროვნულ-სარწმუნოებრივ ინტერესს აყენებს, აი, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში გმირებზე წერენ.
როგორ უნდა აუხსნა სხვას, როცა დაბადებიდან ხედავ, რომ მამაშენი ის ადამიანია, ვისთვისაც ჯერ ღმერთი და სამშობლოა და მერე ოჯახი და საკუთარი თავი. რომ მეუფე ის ადამიანია, რომელიც ღრმა ბავშვობიდან მე და ჩემს ძმას გვასწავლიდა, რომ ,,ფული ფუ“ და ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები, იმიტომ რომ ის ასე ცხოვრობს და ჩვენ ამ მაგალითზე გავიზარდეთ. რომ მეუფე ის ადამიანია, ვისაც შეუძლია საკუთარი ერთადერთი ქურთუკი თუ ლაბადა სიონის ტაძრის ეზოში მოწყალების მთხოვნელს მზრუნველობით მოარგოს და დაუტოვოს, თვითონ კი ზამთარში უქურთუკოდ წავიდეს სახლში (ეს ფაქტიც ჩემი ბავშვობიდანაა, მახსოვს, მე და ჩემმა ძმამ გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს და შეგვეღიმა).
…მოკლედ, ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში კარგი ამბები ხდება, მე ზუსტად ვიცი, რომ მამაჩემის გაკეთებული უანგარო სიკეთე მხვდება წინ, რომ ეს კარგი ამბები იმ ბავშვების ლოცვით ხდება, რომლებიც მეუფემ ქუჩას მოაშორა, შეიფარა და გაზარდა .
ელისაბედ აბულაძე 14.06.2019