პარალამენტთან აქცია იმართება. მოქალაქეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანას ითხოვს. პარლამენტთან ასევე მივიდა გურამ ფალავანდიშვილი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად. ადგილზე ამ ეტაპზე პოლიციაა მობილიზებული.
“სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოსულიყო თითოეული ბავშვი პანსიონიდან და უსაფრთხო გარემოში უნდა გადასულიყვენენ, ეს ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი. ოცზე მეტი ბავშვი ჯერ კიდევ ისეთ გარემოში იმყოფება, სადაც განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ტერორს. სოციალური მუშაკები ვერ შეძლებენ სრულფასოვნად შეაფასონ ბავშვების მდგომარეობა იმ გარემოში, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებიან. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია სასწარაფოდ მოხდეს მათი გარიდება ძალადობრივი გარემოსგან. აუცილებელია რომ პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი, რომელსაც ამის უფლება აქამდეც ჰქონდა, მაგრამ სრულიად გაუგებარი მიზეზით საპატრიარქო ამის უფლებას არ აძლევს. სახელმწიფო ამას ხელს უწყობს საკუთარი დუმილითა და გარიგებით საპატრიარქოსთან. ამიტომ, ეს აბსურდული მდგომარეობა რომელიც არაკანონიერი და არაკონსტიტუციურია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს,”-განაცხადა ანა სუბელიანმა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე “სირცხვილიას” წევრი ზუკა ბერძენიშვილი ამბობს რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი უნდა დაიხუროს და სახელმწიფომ იქ დარჩენილი ბავშვების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა უნდა უზრუნველყოს:
“ამ პროტესტის მოთხვნაა დაუყოვნებლი აღსრულდეს ყველა ბავშვის მოთხოვნა და იმ ძალიან ცუდი გარემოდან ფსიქოლოგის და სპეციალისტების თანხლებით გადაყვანილნი იქნან უსაფრთხო ადგილას. ეს პანსიონი უნდა დაიხუროს.”
პოლიციამ კონტრაქციის მონაწილე ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. კადრებში ჩანს რომ მან გაშლილი ბანერი, რომელზეც ეწერა “რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში”, დაზიანება სცადა.
“ნეტგაზეთი”