ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდიდან ვეფხის და მოყმის ძეგლამდე, ერთი სამანქანო ზოლის ხარჯზე მოეწყო ველობილიკი, რამაც შექმნა საცობები, ანუ – საწვავის ხარჯი, გამონაბოლქვი, დაგლეჯილი ნერვები და ა.შ.
საერთოდ, პირადად მე ყოველთვის მივესალმები და მხარს ვუჭერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტების პრიორიტეტს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ბილიკის გაკეთება იყო სრულიად ზედმეტი, რადგან იქვე არის 3.5 მეტრის სიგანის ტროტუარი, რომელზეც არც ველოსიპედისტები მოძრაობენ და არც ფეხით მოსიარულეებში სარგებლობს პოპულარობით.
ანუ, უკაცრიელ ტროტუარს მიემატა უკაცრიელი ველობილიკი და ძალიან დატვირთულ სატრანსპორტო არტერიაზე მთლიანობაში მივიღეთ თითქმის 10 მეტრი სიგანის უკაცრიელი ზოლი, მის გვერდით კი – მუდმივი საავტომობილო საცობი.
მესმის და გეთანხმებით, რომ პურზე მანქანით არავინ უნდა დადიოდეს და რომ ვინც ასე იქცევა, ის არის ჟანგბადისა და, ზოგადად, ბუნების მტერი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ზოგჯერ ადამიანები ავტომობილით გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაშიც გადაადგილდებიან და ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უფლებები, მაგალითად, მოქალაქეს აქვს უფლება, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ასაკოვანი მშობელი წაიყვანოს კოვიდსაწინააღმდეგო აცრაზე, მცირეწლოვანი შვილი – ვარჯიშზე ან გაკვეთილზე, ხოლო ფეხმძიმე მეუღლე – სამშობიაროში.
ჰოდა, რა საჭიროა უკაცრიელი ზოლი, რომელსაც არც სამშობიაროში მივყავართ და არც ტაძარში?