ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება – ჯანმო

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 180 მილიონს აღწევს. პანდემიის ეპიცენტრი ისევ ინდოეთია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 60 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა 11 მილიარდი დოზა ვაქცინა, ამ რაოდენობის ვაქცინის უმოკლეს დროში მოძიება კი, მხოლოდ დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის ქვეყნების დახმარებითაა შესაძლებელი. ჯანმოს განცხადებით, ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება მიმდინარეობს.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ინგლისში ლოქდაუნის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპი თითქმის 1 თვით გადაიდო. ისრაელში კი დაწესებული ბოლო შეზღუდვაც მოიხსნა. დღეიდან სავალდებულო აღარ არის საზოგადოებრივ სივრცეებსა და დაწესებულებებში ნიღბის გამოყენება. ბლუმბერგის მონაცემებით, ისრაელში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებით უკვე აცრილია მოქალაქეების თითქმის 59%.

 

“რეზონანსი”