ექიმი ანუ პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც ადამიანებს დიაგნოზს უსვამს და მკურნალობს, არ უნდა აგვერიოს სამედიცინო ჩინოვნიკებში, ბიუროკრატებში. შესაძლოა, ექიმმა თავი დაანებოს თავის პროფესიას, სამედიცინო პრაქტიკას და გახდეს ჩინოვნიკი, ჯანდაცვის სფეროს ბიუროკრატი. ამაში, ბუნებრივია, ცუდი და საძრახისი არაფერია, ოღონდ არა მაშინ, როდესაც გაჩინოვნიკებული ექიმი თავის პირად აზრებს, ნაკლებად კომპეტენტურს და მეცნიერულად დაუსაბუთებელს, ახვევს საზოგადოებას და, ასე ვთქვათ, “ექიმობანას” გვეთამაშება.
ფოტოზე: კარლ ლაუტერბახი
საქართველოში დღეს ზუსტად ეს ვითარებაა. თუმცა, მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც მსგავსი ტენდენცია შეინიშნება. მეტიც, სწორედ იქიდან წამოვიდა საქართველოში ზღვარს გადასული, ისტერიული შეფასებები, ახალი კორონავირუსის თვისებებთან და მის მასშტაბებთან დაკავშირებით. აქ არაფერს ვიტყვით თაღლით ქართველ ფსევდოექიმებზე, რომლებიც სოცქსელებში ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებენ და, საკუთარი თავის სკანდალურად პოპულარიზების მიზნით, ზოგი ამერიკიდან, ზოგი კიდევ საიდან, მოძღვრავს ჩვენს “გამოფეისბუკებულ” საზოგადოებას, აშინებს და ზაფრავს “კოვიდ 19”-ის გამო. წესით, ასეთი პანიკმახერები სასტიკად უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ მათ საფეისბუკო “ბანიც” კი არ მიუღიათ.
გამოცემა “Bild” გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამედიცინო ექსპერტს (ეს სიტყვა თავისუფლად შეიძლება, ბრჭყალებში ჩაგვესვა), კარლ ლაუტერბახს ამხელს, რომელსაც დიდი გავლენა აქვს გერმანიაში, პანდემიის საკითხების კომენტირებასთან დაკავშირებით. ლაუტერბახის მიერ გავრცელებული კოვიდ-ტყუილები და ფანტაზიები, რომლებიც საშინელ სცენარებს გვიხატავდნენ, მეტწილად ემთხვევა სხვა “წამყვანი” დასავლელი ჩინოვნიკების შეფასებებს, რაც მსოფლიოს ამჟამინდელ სახეცვლილებას, მდიდარი უმცირესობის კიდევ უფრო გამდიდრებას და ღარიბი უმრავლესობის კიდევ უფრო გაღარიბებას დაედო საფუძვლად, 2020 წლიდან მოყოლებული.
მაშ ასე, ლაუტერბახის და სხვა გავლენიანი ფსევდომედიკოსების მიერ ნასროლ რამდენიმე ტყუილს, რომელთა არარეალურობა (და მავნეობა!) დღეს უკვე დამტკიცებულია:
პირველი – მტვერსასრუტის ტოპრაკები სამედიცინო ნიღბებისთვის. სამედიცინო ნიღბების დეფიციტის წარმოშობისას, 2020 წლის აპრილში, ლაუტერბახმა განაცხადა: მტვერსასრუტის ტოპრაკები საუკეთესო მასალაა იმისათვის, რომ მოხდეს დამცავი სასუნთქი ნიღბების წარმოება. მწარმოებელმა კომპანიამ, Swirl, განცხადება გააკეთა, რომ ტოპრაკები შეიცავს თუთიასა და აქტივირებულ ნახშირს, მაშასადამე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა ამ მასალით გაკეთბული ნიღბების საშუალებით სუნთქვა. ლაუტერბახის კომენტარი ამაზე: “ყველა ტოპრაკი არ შეიცავს ამ მავნე ნივთიერებებს. გარდა ამისა, მე მხოლოდ იდეა წამოვაყენე, რაც გასაჭირის დროს შეიძლებოდა, განხორციელებულიყო”.
მეორე – კოვიდის გადატანის შემდგომი ხანგრძლივი სიმპტომები ბავშვებში. 2020 წლის 6 მაისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, “ინფიცირებული ბავშვების 7 პროცენტს აუცილებლად განუვითარდება კოვიდის გრძელვადიანი სიმპტომები”. სინამდვილე კი ასეთია, აღიარებული ბერლინელი პედიატრის, იაკობ მასკეს მიხედვით: “ძალიან დიდი შრომა დაგჭირდებათ, რომ კოვიდის გრძელვადიანი სიმპტომების მქონე ბავშვები აღმოაჩინოთ”. ექიმი-პედიატრი მარტინ კარსტენი: “მთელი პრაქტიკის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ერთადერთი ბავშვი გვყავდა, რომელზეც ეჭვი გაგვიჩნდა, რომ მას კოვიდ 19-ის ხანგრძლივი სიმპტომები ჰქონდა”.
თავის სიცრუეს “ექსპერტმა” შემდეგი ახსნა მოუგონა: “მე ბრიტანულ კვლევას ვეყრდნობოდი, გერმანიაში არსებული სტატისტიკა არ მქონდა. ჩემი მიზანი იყო, რომ გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში გადასულიყო, რათა ბევრი ბავშვი არ დაავადებულიყო” (!!)
მესამე – რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტების დიდი ნაწილი ახალგაზრები არიან, რომელთაგან ნახევარი იღუპება. “ექსპერტის” მიერ 2021 წლის 16 აპრილს მასმედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ “რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების ასაკი საშუალოდ 47-48 წელიწადს შეადგენს. მათგან ნახევარი იღუპება. მრავალი ბავშვი კარგავს მშობლებს. ეს ტრაგედიაა”.
სიმართლე: იმ მომენტში არავინ იცოდა რეანიმაციის პაციენტების საშუალო ასაკი. მალევე გაირკვა, რომ მიმდინარე წლის აპრილში, გერმანიაში, იანვართან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი მთელ გერმანიაში მხოლოდ 3500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ვინც 50 წელზე ახალგაზრდა იყო და “კოვიდი” აღენიშნა.
ლაუტერბახი აღიარებს, რომ ეს მისი “არასწორი შეფასება იყო, რომელიც რეანიმაციების თანამშრომლებთან წარმოებული პირადი საუბრებიდან გაამომდინარეობდა”.
მეოთხე – “კოვიდის ინდური მუტანტი 20 პროცენტით უფრო გადამდებია” (ამა წლის 30 მაისი). ფრანკფურტელი ვირუსოლოგი მარტინ შტიურმერი კი ამბობს: “რამდენად უფრო გადამდებია ვირუსის ინდური ვარიანტი, უნდა შემოწმდეს ლაბორატორიული კვლევებით. ამჟამინდელი სტატისტიკა დიდი ბრიტანეთიდან მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ ინდური ვარიანტი დაახლოებით ისეთივე თვისებებისაა, როგორც ბრიტანული. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ინდური შტამიც ისეთივე გადამდები იქნება, როგორც ბრიტანულია”.
გერმანიაში ინდური შტამით დაავადებულთა წილი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს.
მეხუთე – ბავშვები ვირუსის მთავარი გადამტანები არიან. “ექსპერტის” ეს ტყუილიც სტატისტიკით არის უარყოფილი. რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადება: “მოცემული სტატისტიკიდან შეიძლება გაკეთეს დასკვნა, რომ 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ინფიცირებამ მხოლოდ მაშინ მოიმატა, როდესაც მანამდე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში იყო მომატებული”. შესაბამისად, ვასკვნით, რომ ბავშვები არ არიან პანდემიის მთავარი გამავრცელებლები – ნათქვამია რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებაში.
“ექსპერტი” ლაუტერბახი: “მესამე ტალღის შესუსტებასთან ერთად, ბავშვები და ახალგაზრები ისე აღარ არიან ვირუსით მოცულნი”.
მეექვსე – ინდური და ბრიტანული შტამების შერწყმა. ლაუტერბახის მიერ გავრცელებული სიცრუე, რომ ინდური და ბრიტანული შტამები მალე კოვიდის სუპერვარიანტად შეიძლება, გარდაიქმნას, სპეციალისტების მიერ ნაკლებ მოსალოდნელ ვარიანტად განიხილება. ამის მოსახდენად საჭიროა, რომ ადამიანი ორივე შტამით ერთდროულად დაავადდეს, შემდეგ კი მისმა გენეტიკამ ისე იმუშაოს, რომ ამ ორი შტამის რეკომბინირება მოხდეს. თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკაში – ნაკლებ მოსალოდნელი.
მეშვიდე – ლაუტერბახმა 2020 წლის 5 მაისს განგაში ატეხა ტოტალური კარანტინის მოხსნასთან დაკავშირებით. იგი ცრუობდა, რომ რეჟიმის შერბილება ზაფხულში ინფიცირების რაოდენობაზე მკვეთრ ზემოქმედებას მოახდენდა. ნაცვლად ამისა, პრაქტიკამ საპირისპირო აჩვენა: ინფიცირების მაჩვენებელი 1 ივნისს 3,6 პროცენტი იყო, 15 ივნისს – 2,5, 7 ივლისს – 2,9, 3 აგვისტოს- 5,1.
მეშვიდე – ბავშები უნდა აიცრან! – ითხოვს “ექსპერტი” (2021 წლის 30 მაისი). “თუკი მეოთხე ტალღა მოვა, და ეს რეალურია, მაშინ ბავშვები – სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით დაზარალდებიან”, – მიიჩნევს ლაუტერბახი.
მაგრამ ვირუსოლოგი, პროფ. პეტერ კრემსნერი დაბეჯითებით აღნიშნავს: “აცრაზე გამოვლენილი რეაქცია ბავშვებსა და მოზარდებში ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე უფროს ადამიანებში”. სამაგიეროდ, კორონავირუსს ბავშები და მოზარდები ბევრად უკეთ იტანენ, ვიდრე უფროსები. შესაბამისად, ლაუტერბახის შემოთავაზება ამ შემთხვევაშიც მიუღებელია – აღნიშნულია Bild-ის პუბლიკაციაში.
ასე და ამრიგად ხდებოდა და გრძელდება ხალხის დეზინფორმირება სხვადასხვა ქვეყნებში, ლაუტერბახის მსგავსი გავლენიანი ჩინოვნიკების მიერ. მათ მხარს უბამენ ლიბერალური მეინსტრიმული მასმედია და სხვა “დემოკრატიული” ინსტიტუტები. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთში, ასე თუ ისე, არსებობს ალტერნატიული მედიებიც, ასევე არიან სპეციალისტები, რომლებიც არ უფრთხიან სიმართლის თქმას, მაგრამ საქართველოში რა ვითარებაა ამ მხრივ? – ბევრად უარესი!