პანდემიის დროს პარლამენტმა უარი თქვა თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაზე

“კრიზისულ ვითარებაში პარლამენტი ფაქტობრივად უარს ამბობს თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე“ – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები.

– “კვლევის პერიოდი პოლიტიკურ დაძაბულობასა და პანდემიის პერიოდს დაემთხვა და გამოვლინდა, რომ კრიზისულ ვითარებაში პარლამენტი, ფაქტობრივად, უარს ამბობს თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე – საპარლამენტო კონტროლი სუსტია და კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პარლამენტისა და მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულება საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ასევე, პრობლემად რჩება ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების არ არსებობა“ – ნათქვამია TI-ს განცხადებაში.

კვლევის საფუძველზე შემდეგი გამოიკვეთა:

– პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას. პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ მონიტორინგს;

– საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს;

– საგანგებო მდგომარეობის დროს კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა;

– კოვიდპანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;

– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

– საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

– არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” მიიჩნევენ, რომ ქვეყნისათვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა სრულყოფილად უნდა განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა.

„განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც უშუალოდ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას“ – აღნიშნულია კვლევაში.

წყარო: newposts.ge