საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების ათეულშია – გამოკითხვა რუსეთში

საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების ათეულშია. ამის შესახებ ლევადას ცენტრის სოციოლოგების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებშია ნათქვამი.

რუსეთში სამ ყველაზე მეგობრულ ქვეყნად ამჟამად ბელარუსი, ჩინეთი და ყაზახეთი სახელდება.

გამოკითხვის მიხედვით, 58% ბელარუსს რუსეთის მეგობარ ქვეყნად ასახელებს. ათეულში ასევე შედის სომხეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, სირია, გერმანია და კუბა.

თავის მხრივ, რუსები შეერთებულ შტატებს რუსეთის მიმართ ყველაზე არამეგობრულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ- გამოკითხულთა 66%-მა ასე უპასუხა. მეორე ადგილზეა უკრაინა (პასუხების 40%), მესამეზე დიდი ბრიტანეთი- (28%).

არამეგობრული დამოკიდებულების ათეულში მოხვდნენ ლატვია (21%), პოლონეთი (21%), ლიეტუვა (20%), გერმანია (16%), საქართველო (15%), ჩეხეთი (9%), ესტონეთი (9%). მთელი სადამკვირვებლო პერიოდის განმავლობაში ჩეხეთი პირველად შევიდა არამეგობრული ქვეყნების ათეულში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებელი მცირედით შეიცვალა (გასულ წელს ეს იყო 16%).

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ რუსების დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა: თუ მარტში რუსეთის მოქალაქეთა 42% თვლიდა ამერიკას „ცუდ“ ქვეყნად, მაისში – უკვე 54%. გააქტიურდა რუსების ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნების მიმართ, რომლებმაც 2019 წლის გაზაფხულიდან მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწიეს.

დაბოლოს, ლევადას ცენტრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83% დარწმუნებულია, რომ რუსეთს მტრები ჰყავს.