მე რომ არ „მშია“, ძალიან კარგად იცის მიშამ, ასევე კარგად იცის, რომ ვერავინ ფულით ვერ მიყიდის – გიორგი ვაშაძე.
“მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა და მასთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო, ეს არის ის ორპოლუსიანობა, რაც გვართმევს განვითარების პერსპექტივას.
მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი, კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით.
შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ვერ ვითარდება საქართველო და ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ „მშია“ და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა. მან ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი,”- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში.
არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
წყარო: ptn.ge