ახლა ვირუსი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება – ჯანმოს დირექტორი

– “ახალმა ვარიანტებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ვირუსის გადაცემა გლობალურად. ეს ნიშნავს, რომ რისკები გაიზარდა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის დაცული, რაც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილია“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური მასშტაბით ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა, რათა ვირუსის გადაცემის შეჩერება და მრავალი სიცოცხლის გადარჩენა მოხდეს.

„ახლა ვირუსი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება. „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აღვნიშნე, რომ პანდემიის დასრულების მიზნით, ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს 2022 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის, სულ მცირე, 70%-ის ვაქცინაცია. ამისათვის ვაქცინის 11 მილიარდი დოზა გვჭირდება. „დიდ შვიდეულსა“ და „დიდ ოცეულს“ შეუძლია ამის განხორციელება. მე მივესალმები იმ განცხადებას, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ვაქცინის 870 მილიონ დოზას გაუნაწილებენ მსოფლიოს COVAX-ის მექანიზმის საშუალებით. ეს დიდი დახმარებაა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება“ – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

წყარო: report.ge