„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“ გიორგი გახარიას გადადგომამდე მასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა.
„გახარიასთან ბოლოს მქონდა კომუნიკაცია გადადგომამდე, ალბათ 15 წუთით ადრე შევწყვიტეთ სატელეფონო საუბარი, ის იყო კანცელარიაში, მე პარტიის ოფისში. დაახლოებით ერთსაათიანი საუბარი იყო ისევ და ისევ იმ ცნობილ თემაზე – რას აძლევდა 2-3 დღე, რაზეც ვერც მაშინ მოვისმინე პასუხი, ვერც წინა დღეს, ვერც მე და ვერც გუნდის სხვა წევრებმა ვერავითარი პასუხი ვერ მოვისმინეთ, ვერც თქვენ მოისმინეთ პასუხი ერთი კვირის წინ. რატომ? იმიტომ რომ მას ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს, ანუ, ლოგიკური პასუხი ამაზე არ არსებობს, იმიტომ, რომ როცა მარტივად იცი რომ 2-3 დღეში ესკალაციის ხარისხი იქნება უფრო მაღალი და არა უფრო დაბალი და როცა ამტკიცებ საპირისპიროს, აქ ყველაფერი ნათელია. ერთი რამე განვმარტოთ, იქ პირდაპირი კომუნიკაცია იყო. ამ დეტალებში ჩვენ არც შევდივართ და ვერც შევდივართ, იმიტომ რომ ეს ჭორაობა გამოვიდოდა. ჩვენ ვიცით, რომ იქ 2-3 დღეზე იყო საუბარი, კონკრეტული სცენარი არსებობდა. დეტალებს აღარ მოვყვები და აქეთ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ითხოვენ 2-3 დღეს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური თანხვედრა, რამაც ეჭვები გაამძაფრა და ეს ეჭვები კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემობრუნებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“იმედინიუსი”