შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია დედა და მამინაცვალი, რომლებსაც ბრალად 7 წლის ბავშვის წამება ედებათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს დასჯის მიზნით აწამებდნენ – „რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს,“.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ნეტგაზეთი”