პუბლიცისტი, ზურა ოდილავაძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
კიდევ ერთი…
გუშინ ერთი „ძილში გაიპარა“… კიდევ ერთი… მერამდენე ერთი?!..
ბიჭი ამ ცხოვრებიდან გაიპარა, სამუდამოდ დაემალა თავის შეყვარებულს, შვილს, დედასა და მამას, დასა თუ ძმას, მეგობრებს – დაიძინა და საუკუნო ძილით ჩვენს გულქვაობას გაექცა, საკუთარ თავს გაეპარა…
საქართველოში პანდემია მძვინვარებს – შავი ჭირი, რომელსაც არავინ იმჩნევს… ან მიჩუმათებას ცდილობს. ჩვენ ისევ თაობებს ვკარგავთ და ხმას არავინ იღებს, საქმის კეთებაზე, რომ არაფერი ვთქვათ.
ნარკომანია – ეს არის სიცოცხლე ტანჯვისთვის, არსებობა „ლომკის“ მუდმივი შიშით…
იმაზე მეტი საშინელება, რა უნდა იყოს, როდესაც ამხელა ცხოვრება, ერთადერთი და განუმეორებელი, მისი მრავალფეროვნებით, ცუდით და კარგით, ერთ წერტილამდე ვიწროვდება – წამალში კონცენტრირდება, „გაჩხერვამდე“ დაიყვანება… ცხოვრება ერთ დიდ ტკივილად იქცევა და გსურს თუ არა, ეს ტკივილი ოდნავ მაინც უნდა გაიყუჩო.
საშინელებაა იცხოვრო იმისთვის, რაც იძულებული ხარ ყოველდღე აკეთო – „გაიჩხირო“, რომ ისუნთქო მაინც… ყველაზე უფრო გიყვარდეს ის, რაც ყველაზე მეტად გძულს – ნარკოტიკი!
და ამას ჰქვია „კაიფი“?!
წამების მაგალითს მოვიყვან. ოცდაათმა წელმა „კაიფით“ ტანჯვაში გაირბინა… უკვე ოც წელზე მეტია, წამალს თავი დავანებე. მას შემდეგ პლანიც კი არასოდეს მომიწევია, „მძიმე“ ნარკოტიკებს არც ვახსენებ… ოცი წელია, დღეში რამდენჯერმე, ყოველი დაძინების დროს ერთი კოშმარი მესიზმრება: წამალი მიდევს, მომდევენ, გავრბივარ, ვიმალები… მეშინია, ერთ დიდ შიშად ვარ ქცეული… მპოულობენ, მცემენ, გვერდში დანას მასობენ… და ოფლში ვიღვიძებ – ეს საზარელი ზმანება არ მეშვება. ოც წელზე მეტია გასული, ოც წელზე მეტი და მაინც… ერთი და იგივე! ამ ტანჯვას უკვე შევურიგდი და მასთან ერთად ვცხოვრობ.
არადა, ეს ტრაგედია ჩვენს შვილებზეა, ის ჩვენს თვალწინ, ჩვენი მონაწილეობით მიდის…
და ყველა დუმს, კრინტს არ ძრავს. „ნაცი“ და „ქოცი“ ერთმანეთს ებრძვის, საკუთარი „სიმართლითა“ და სიძულვილით ტკბება, ტელე-პოლიტიკოსები ჭკვიანი სახეებით ღამის შოუებში სიბრძნეებს ბაზრობენ.
„შავი ჭირის“ პანდემია კი თვითდინებაზეა მიშვებული – ნარკოტიკი ყრია, ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამა, ყველაფერი კერძო ხელშია და ძვირი ღირს, ძალიან ძვირი – მკურნალობა 5000 ლარზე მეტი ჯდება!
სად აქვს გაძვალტყავებულ ნარკომანს ფული, სად?! საიდან?!
ერთი უფასო სამკურნალო ცენტრიც კი არ არსებობს, ერთიც კი!
ვის სცალია ბიჭებისთვის, ხალხი ფულს შოულობს, დიდ ფულს! მაგარი მანქანებით თავს იწონებენ, რესტორნებში ქეიფობენ, ნაშებს აბამენ და ჭამენ, და ჭამენ – ეს ბოზები!..
ნარკომანია – ეს არის ერის დაწყევლა უგულობისთვის.
გუშინ ერთი „ძილში გაიპარა“… კიდევ ერთი… მერამდენე ერთი?!..
ჩვენს სინამდვილეს გაექცა, ჩვენ დაგვემალა, ჩვენი და საკუთარი ეგოიზმი ვერ დაძლია, გამოცდილება არ ეყო და სულ ახალგაზრდა უზენაესმა წაიყვანა.
აცხოვნოს ღმერთმა. ამინ.
ზ.ო. – 2021, ივნისი