“ლელომ“ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა!

პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენა.

ხაზარაძის განცხადებით, თუკი ხელისუფლება მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაიწყებს „ლელო“ პარლამენტს დატოვებს. ამასთან ხაზარაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა, რომ შეუერთდნენ მის ინიციატივას.

„მინდა გავაჟღერო ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლების დანიშვნის პროცესს, მე მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო.

ასევე გზავნილი მინდა გავუგზავნო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე შარლ მიშელს, იმიტომ, რომ ეს მიდგომა არის ღალატი ქვეყნის ხვალინდელი დღის. რადგან ყველაფერი ის, რაც აქამდე იყო 6 თვის კრიზისი არის ფიქცია და ამი ფიქციის სათავეში დგეხართ თქვენ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ამ ქვეყანას ჰყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც იმართება ერთი კაცის მიერ და არის პოლიტიზირებული“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წყარო: itv.ge