მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატზე – ანრი ოხანაშვილი

უმრავლესობის წვრი, ანრი ოხანაშვილი „ლელო – საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ეხმაურება. როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატზე.

– “როდესაც ადამიანები, კოლეგებთან ულტიმატუმით საუბრობენ, რომ თავიანთ საპარლამენტო უფლებამოსილებას არ განახორციელებენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორია. კოლეგებო, ვინც ამ განცხადებას იზიარებთ, საერთოდ არ გესმით, რას ნიშნავს საპარლამენტო სუვერენიტეტი და პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი. პარლამენტის წევრს აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება ხალხის ნება განახორციელოს“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენა.

ხაზარაძის განცხადებით, თუკი ხელისუფლება მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაიწყებს „ლელო“ პარლამენტს დატოვებს. ამასთან ხაზარაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა, რომ შეუერთდნენ მის ინიციატივას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

წყარო: itv.ge