რეგვენად ქცეულ ქართველობას რა ეშველება? სტალინის ქუჩისთვის სახელის შეცვლაც მორიგი დაკვეთაა საქართველოს საბოლოოდ გასაყიდად და გასაბითურებლად

დავესესხე “ნეზავისიმაია გაზეტას” დამფუძნებელსა და წლების მანძილზე მთავარ რედაქტორს – ვიტალი ტრეტიაკოვს, რომელმაც თავის დროზე დაწერა სტატია – “Сталин наше всё!” (“სტალინი ჩვენი ყველაფერია!”). ლიბერალები მაშინვე წამოესიენ ტრეტიაკოვს, გააკრიტიკეს, მაგრამ ფაქტია – სტალინი რუსმა ხალხმა აღიარა, როგორც რუსეთის ისტორიაში უდიდესი პიროვნება!

“ლევადა ცენტრის” გამოკითხვები (ლიბერალური ორიენტაციის სოციოლოგიური ჯგუფია რუსეთში) ამტკიცებს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სტალინი უწყვეტად და დიდი უპირატესობით ლიდერობს რუსეთის ყველა დონისა და სფეროს ისტორიულ და პოპულარულ პიროვნებებს შორის გაზომილ რეიტინგებში – როგორც შორეული წარსულის, ისე თანამედროვე, ამჟამად ცოცხალ და მოქმედ მოღვაწეთა შორის. სტალინს უდიდეს პიროვნებად ისტორიასა და თანამედროვეობაში აფასებს რუსების 39 პროცენტი (ის, რომ სტალინის მოღვაწეობას რუსების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს – კიდევ ცალკე საკითხია!).

მაგრამ რეგვენად ქცეულ ქართველობას რა ეშველება? გასაგებია, რომ სტალინი საქართველოშიც დიდად პოპულარულია – სავარაუდოდ; თუმცა ანალოგიური გამოკითხვის ჩატარებას ვერავინ ბედავს. მეორე მხრივ, არა მგონია, რუსეთზე ნაკლები ადგილი ეკუთვნოდეს იოსებ სტალინს საქართველოს ისტორიაში. თუკი უდიდეს ისტორიულ პიროვნებად არა, ერთ-ერთ უდიდესად მაინც უნდა იყოს ნაღიარები (საერო პირთა შორის, თორემ სასულიერო წოდების წარმომადგენლებს ასეთ რეიტინგებში არც არაფერი “ესაქმებათ”). რეალურად თუ გნებავთ, სტალინი სწორედ საქართველოსთვის არის “ყველაფერი”… სტალინი არის ჩვენი “სავიზიტო ბარათი”. მსოფლიო ისტორიას ქართველებიდან ყველაზე უფრო წარუშლელი კვალი სწორედ ამ ქართველმა დაამჩნია.

საერთოდ-კი ტოვებენ ჩვენისთანა მცირერიცხოვანი და ისტორიის პერიფერიაზე მოტყორცნილი ერები შესამჩნევ კვალს მსოფლიო ისტორიაში? – რა თქმა უნდა, ან არა, ან მხოლოდ იშვიათად. ქართველებს კი გაგვიმართლა – ფაშიზმის დამმარცხებელი, მსოფლიო წესრიგის შემცვლელი მე-20 საუკუნეში ჩვენი თანამემამულეა, რომელმაც რუსეთში ჰპოვა ასპარეზი და სრულად გაუკეთა რეალიზება ქართულ ნიჭს, ქართულ სულს, რუსეთის – ამ უდიდესი შესაძლებლობების მქონე ქვეყნის და ერის საშუალებით. ამას ვერ ახერხებდნენ უნიჭიერესი ქართველი მეფეები თუ სარდლები, თაობიდან თაობაში, სტალინმა კი შეძლო!

გუშინ მითხრეს მეგობრებმა, გამოთაყვანებული ქოცები გორში სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევას აპირებენო – ნაცებმა ხომ ძეგლი აიღეს ქურდულად, ახლა უნდათ, ნაცებს არ ჩამორჩნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს ე. წ. “დესტალინიზაციაშიო”.

დესტალინიზაცია აუცილებლად ნიშნავს ხრუშჩოვიზაციას – ალბათ ეს უნდა ზოგიერთს, თუმცა უმრავლესობას არც ეს ესმის და საერთოდ არ აინტერესებს არც სტალინი და არც საქართველო; ეს ის კატეგორია ხალხია, ვინც ქართულ მიწებს ჰყიდის მარჯვნივ და მარცხნივ, თურქზე და არაბზე, ინდოელსა და ირანელზე… სტალინის ქუჩისთვის სახელის შეცვლაც მორიგი დაკვეთაა საქართველოს საბოლოოდ გასაყიდად და გასაბითურებლად. ეს უნდა ესმოდეს ყველა პატრიოტს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ახლა უმცირესობაშიც ვიყოთ!

სხვა შემთხვევაში, საქართველო მართლა “არაფრად” იქცევა – საბოლოოდ და გამოუსწორებლად. როგორც თურქეთის ელჩმა ქალბატონმა ისურვა, ალბათ მალე მართლაც ასე მოხდება – დიდგორის ზეიმსაც გამოაცლიან შინაარსს და თურქების რეჟისურით გვაზეიმებენ.

 

გულბაათ რცხილაძე

2021 წლის 22 ივნისი, დიდი სამამულო ომის დასაწყისის 80-ე წლისთავი