აშშ-ს მიზანი ბოლო 76 წლის განმავლობაში იყო ჯერ სსრკ-ს დაშლა, შემდეგ მისი მემკვიდრე რუსეთის განადგურება, მისი მდიდარი წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად. რა არ მოიმოქმედა მან ამისთვის?! — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში შეყვანა, უკრაინა-საქართველოსთვის პირობის მიცემა ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი.
მშიერი, სხვისი ხელის შემყურე ქვეყნებისთვის ამერიკულ საღეჭ რეზინაზე ქვეყნის გაყიდვა, მასთან ერთად სულის და სინდის-ნამუსის, იოლი გამოდგა. უკრაინელთა, ქართველთა, მოლდოველთა, სხვა ყოფილ საბჭოელთა დასავლურად გადაკეთებას დიდი დრო არ დასჭირებია — თითზე ჩამოსათვლელი 20-25 წელი. შედეგი? — ამერიკელთათვის შესანიშნავი; უკრაინელთათვის, ქართველთა და სხვათათვის კატასტროფული. ამერიკამ მიიღო ანტირუსი, ფაშისტი უკრაინელი, ასევე ანტირუსი, ნაციონალი ქართველი. საქართველო-რუსეთის ერთობლივი ისტორიის მაგინებელი, უმადური ხალხის მასა, რომელსაც ძნელია, უწოდო ერი. როდესაც უყურებ ქვეყნის ბოლო 30-წლიან ისტორიას, უნებლიეთ გებადება კითხვა — ნუთუ შეიძლებოდა ხალხის ორ ცენტად გადაგვარება, როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს?
ფაქტი სახეზეა და მას ვერსაც გავექცევით. ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ისე „დაიბოლნენ“, აინუნშიც არ აგდებენ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მეზობლის ლანძღვას, მითუმეტეს დიდის და ძლიერის, ერთ მშვენიერ დღეს რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, რომელიც საომარი მოქმედების თეატრად აქცევს მათ ქვეყანას, აშშ-ს კი არა, არამედ საქართველოს ტერიტორიას. რომ დაპირისპირებული ორი გიგანტი, საქართველოს ტერიტორიაზე, ისე, როგორც უკრაინის, შეასკდება ერთმანეთს უკრაინა-საქართველოს ცოცხალი ძალის ხარჯზე. ასეთი ლოკალური ომი, რეგიონულში გადაიზრდება, ხოლო იქიდან მსოფლიოში ანუ მესამე მსოფლიო ომში.
სწორედ ამ საფრთხეზე ილაპარაკა პუტინმა რუს და ამერიკელ ჟურნალისტებთან — ცალ-ცალკე, რომლის დროს ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს მხრიდან არსებული „წითელი ხაზების“ გადაკვეთის მცდელობა, უკრაინის ნატოში შეყვანის და იქ აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგების სახით.
უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებული ამერიკული რაკეტები რომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, მტკიცება არ სჭირდება. აი, ასეთ მძიმე ვითარებაში გაიმართა ჟენევის მოლაპარაკება. რა შედეგი მოიტანა მან?
16 ივნისიდან დაწყებული ისმის ეს კითხვა, მაგრამ ცალსახა, კონკრეტული პასუხი არ ჩანს, გარდა ერთისა — მხარეები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს 4 საათის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში დილეტანტისთვის ბევრია, ხოლო პოლიტიკაში ჩახედულთათვის ცოტა, რამეთუ წინასწარ გამოცხადებული განსახილველი საკითხების რაოდენობიდან გამომდინარე თითოეულს სჭირდებოდა 4 საათი. და მაინც შედეგი?
მთავარი შედეგი იყო შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა გამოავლინეს სურვილი ერთმანეთთან კონსტრუქციული ლაპარაკის. ძალისმიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ყველა სხვასთან მოლაპარაკების დროს აშშ-ი ასრულებდა მკაცრი დამრიგებლის როლს. ჟენევაში მაგიდას უსხდნენ ორი სუპერ სახელმწიფოს მეთაურები, რომლებმაც კარგად იციან იმ პასუხისმგებლობის შესახებ, მათ რომ აკისრიათ მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.
ჟენევაში ამერიკის პრეზიდენტის წინ იჯდა რუსეთის პრეზიდენტი, სუპერ სახელმწიფოს მმართველი, უძლიერესი შეიარაღებითა და მსოფლიოში უძლიერესი არმიით და არა ზემო ვოლტას (აფრიკის ერთ-ერთი ქვეყანა) — სუსტი, განუვითარებელი ეკონომიკით, მაგრამ ბირთვული რაკეტებით. ასეთი დახასიათება მისცა ტეტჩერმა — ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იმჟამინდელ სსრკ-ს.
ამერიკის პრეზიდენტთან ერთად მაგიდას უსხდა რუსეთის პრეზიდენტი და არა ბენზინგასამართი ქვეყნის მმართველი. ასე ახასიათებდა ადრინდელ რუსეთს აწ განსვენებული ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ს პრეზიდენტი ობამა.
ბენზინგასამართი სადგურებიდან სუპერ სახელმწიფომდე? — თითზე ჩამოსათვლელი წლები გავიდა ამ განცხადებებიდან და შეხედეთ, რა პროგრესია? მართლაც ისეთი იყო რუსეთი, კნინობითი სახით, როგორიც ზემოთ ვახსენე? იქნებ უფრო ძლიერი, მაგრამ სიძლიერის გამო მოწინააღმდეგეში, შიშის ნაცვლად მწარე დაცინვის საგნად ქცეული?!
რუსეთს მართლაც ჰქონდა ჩავარდნები, რუსეთის მოღალატე მმართველების — გორბაჩოვისა და ელცინის წყალობით თავსმოხვეული. პუტინის რუსეთი სხვაა — ისეთი შიშსა და პატივისცემას, ამასთანავე მძვინვარე დასავლურ კრიტიკას რომ იწვევს, მაგრამ მოსალაპარაკებელ მაგიდასთან მშვიდობის სასარგებლოდ, კონფრონტაციას რომ ამცირებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა პირველად აღიარა რუსეთის სუპერსახემწიფოობა — ჩვენს ორ სუპერ სახელმწიფოზე არის დამოკიდებული მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაო.
დილეტანტები ამბობენ — ჟენევის მოლაპარაკება უშედეგო იყო, ვინაიდან არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათო. არც ერთზე, მაგრამ იყო ერთი — ერთობლივი განცხადება, სადაც ჩაიბეჭდა, რომ ბირთვული ომი არც ერთს არ მოუტანს წარმატებას.
სუპერ-სახელმწიფოების საომარი დაპირისპირება კატასტროფას მოუტანს სამყაროს, ამის თავიდან აცილების მიზნით მხარეები შექმნიან სამუშაო ჯგუფებს სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის თვალსაზრისით.
მოკლე, ერთგვერდიანი განცხადება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია კაცობრიობის მშვიდობისთვის, 4-საათიანი შეხვედრა წყლის ნაყვა არ ყოფილა. აშშ-ს პრეზიდენტმა, რომელმაც არ გაითვალისწინა ამერიკელი ქორების და მედიის მოწოდება პუტინთან მკაცრი ტონით ლაპარაკის თაობაზე, შემრიგებლური პოზიცია აირჩია — სასიკეთო ორივესთვის, ამასთანავე მსოფლიოსთვის.
ბაიდენს ლანძღავენ ამერიკელი რესპუბლიკელები, შიგადაშიგ დემოკრატებიც პუტინთან პოზიციების დათმობისთვის, მაგრამ ის აიტანს, ვინაიდან მიაჩნია, რომ კონფრონტაცია თანამედროვე სუპერსახელმწიო რუსეთთან ცუდ შედეგებს მოიტანს. გაივლის დრო და თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორსაც ბაიდენი ინატრებდა, ის უდავოდ გახდება ორ ქვეყანას შორის მშვიდობის ნამდვილი და არა ფორმალური გამტარებელი.
ჟენევაში გონიერებამ გაიმარჯვა, რაც რუსეთ-ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტების დამსახურებაა.
16 ივნისიდან დაწყებული დღემდე გვესმის, როგორც ამერიკელი, ისე რუსი პოლიტიკოსების, ექსპერტების, მედიის ნეგატიური განცხადებები ჟენევის შეხვედრასთან დაკავშირებით.
გვესმის უკრაინა-საქართველოს პოლიტელიტის კნავილიც — ისტერიაში გადასული — ჩვენზე არ ილაპარაკესო. საქართველოს ხსენება არ ყოფილა ჟენევაში, თუმცა აქაურები ვარაუდობდნენ იქნებაო. უკრაინა ახსენეს — გაკვრით, რაც იმის მაუწყებელია, რომ დიდ პოლიტიკაში წვრილმან საკითხებზე ყურადღება არ იფანტება, რაც არც უკრაინამ და არც საქართველომ იცის. რომ იცოდეს, უნდა ისწავლოს, რომ ისწავლოს — სურვილი უნდა ჰქონდეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — მასწავლებელი უნდა ჰყავდეს. იმ მასწავლებელმა, რომელიც ორივეს, ერთი ჰყავს — აშშ-ს სახით, არ გაამართლა. რას მოიმოქმედებენ ეს ორი აწმყოსა და მომავლისთვის არც თვითონ და არც სხვამ არ იცის. ალბათ — დინებას გაჰყვებიან, რომლის დასასრული ნეგატიური იქნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი