თეა წულუკიანმა რევაზ ამაშუკელს 85 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა რევაზ ამაშუკელს 85 წლის იუბილე მიულოცა. მინისტრი პოეტს შინ ეწვია და კულტურის სამინისტროს სახელით ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა.

რევაზ ამაშუკელი მრავალი პოეტური კრებულის ავტორია („ლექსები“, „ზედაზნის მთვარე“, „შენდამი“, „მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს“, „ტირისკონი“, „აკმე“). სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: „ცისკარი“, „მნათობი“, „ლიტერატურნაია გრუზია“, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე.

რევაზ ამაშუკელის ლექსები 1957 წლიდან იბეჭდება. ამავდროულად, პოეტი ყოველთვის დაკავებულია საზოგადოებრივი მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს მას მიღებული აქვს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი, ღირსების ორდენი, გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 2003 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

 

“იმედინიუსი”