ირაკლი კობახიძის შენახვა 73.290 ლარი გვიჯდება – რა ქონებას ფლობს „ოცნების“ ლიდერი

106 ათასზე მეტი მხოლოდ სახელფასო შემოსავალი ოჯახში, 60.000 დოლარი ბანკში, ახალი „მერსედესით“ ახალი პოლიტიკური მწვერვალებისკენ – ასეთი, ფინანსურად უზრუნველყოფილი გზა განვლო ექსმილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა მემკვიდრემ,  ირაკლი კობახიძემ რუსი გავრილოვისა და სისხლიანი 20-21 ივნისის ღამის გამო, დაკარგული პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ქვეყნის მმართველი ძალის მმართველობამდე.

ბოლო დეკლარაცია „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ 2020 წლის 31 დეკემბერს შეავსო.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ მას სახელმწიფო ავტომანქანა და დაცვა ემსახურებოდა, კობახიძის 2020 წლის მთავარი შენაძენი -2014 წლის “Mersedes-Benz-S-Class“-ია. ამ ავტომანქანაში მან 20 000 დოლარი გადაიხადა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 6 000 დოლარად პარლამენტის ექსთავმჯდომარეს ძველი ავტომანქანა გაუყიდია.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მანამდე, ვიდრე ირაკლი კობახიძე მოახერხებდა „ქართული ოცნების“ პარტიული ლაბირინთების გაკვალვასა და ოლიგარქთან „დამეგობრებას“, 2016 წელს,  თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე 156.8 კვ.მ ბინა და 20 კვ.მ ავტოფარეხი გადასცეს საჩუქრად.  ვინ? – უცნობია. მას შემდეგ, ახლა უკვე ამავე პარტიის „ბოსს“ საბინაო „ფრონტზე“ შენაძენი აღარ უფიქსირდება.

თუმცა, მას უკვე 2020 წლის დეკლარაციაში აღარ უფიქსირდება 2018 წლის დეკლარაციის შევსებისას მითითებული და  2014 წელს ასევე საჩუქრად მიღებული, ამავე  წყნეთის გზატკეცილზე მდებარე, 2 270 კვ.მ მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი. სად გაქრა? – უცნობია.

დღემდე უცნობია ისიც, მართლა აჩუქა თუ არა რომ ირაკლი კობახიძეს თავისი პარტიის წინამორბედმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა გერმანიაში,  კურორტ ბადენ ბადენში, 3 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების, 5-ოთახიანი, 250 კვ.მ-ის ვილა, რაღა თქმა უნდა, ერთგულების სანაცვლოდ.

ერთი შეხედვით, მოკრძალებული ქონების მქონე ირაკლი კობახიძეს საბანკო ანგარიშებზე 60 000 ამერიკული დოლარი და 2 070 ლარი აქვს გადანახული, ხოლო მის მეუღლეს, ნატალია მოწონელიძეს კი, სულ რაღაც 4 918 ლარი – „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშებზე.

როგორც ჩანს, კობახიძეების ოჯახი „ღარიბი ბავშვების ქვეყანაში“ დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარი შვილების განათლებას. ცოლ-ქმარი კობახიძეები ნიკო და გიორგი კობახიძეების განათლებაში, ყოველწლიურად 13 468 ლარს იხდიან.

აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტიდან 59 649 ლარი ქონდა შემოსავალი, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორობიდან – 13 641 ლარი.

გამოდის, რომ ივანიშვილის მემკვიდრის  შენახვა ქვეყანას 73 290 ლარი უჯდება.

როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძის  მეუღლეს, ნატალია მოწონელიძესაც საკმაოდ აქტიური შემოსავალი აქვს ყოველთვიურად. იგი სამ პოზიციაზე იღებს ხელფასს.

მოწონელიძეს, როგორც  “სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს”თავმჯდომარის მოადგილეს, ანაზღაურების სახით, 26 754 ლარი ერიცხება. ამის პარალელურად, მმართველი პარტიის ახალი მმართველის მეუღლეს”შსს აკადემიის” რექტორის მრჩევლის თანამდებობაზე  14 880 ლარის ოდენობის ხელფასი აქვს დარიცხული. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კი, 2019 წელს მოწონელიძემ, ანაზღაურების სახით, 11 472 ლარი მიიღო.

მოკლედ, ირაკლი კობახიძის მეუღლის „მომსახურებაში“ სახელმწიფომ 2019 წელს -53 106 ლარი გადაიხადა. აქვე, ის ოპოზიციური მოსაზრება,  კობახიძის ცოლი რომ არ ყოფილიყო, დანიშნავდნენ თუ არა 2 სახელმწიფო სამსახურში და ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწონელიძეს, ფაქტია, ლეგიტიმაციას კიდევ უფრო იძენს.

საერთო ჯამში კი, კობახიძეების სახელფასო შემოსავალი წლიურად 106 396 ლარია.