მობილურ ტელეფონში ინტეგრირებული კამერა არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი იარაღია!

აუცილებლად მიმაჩნია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ძალით, აკრძალული იქნება საარჩევნო უბანზე, ხმის მისაცემ კაბინაში, ამომრჩევლის მიერ მობილური ტელეფონის შეტანა და მიკვირს, რომ ამდენი ხანი ამ ინიციატივას არავინ აჟღერებს.

მიმაჩნია, რომ მობილური ტელეფონი, უფრო ზუსტად – თანამედროვე ტელეფონებში ინტეგრირებული ფოტო- და ვიდეოკამერა, გახლავთ ამომრჩევლის ნებაზე და, შესაბამისად, მთლიანად არჩევნებზე ზეგავლენის ერთ-ერთი ქმედითი ბერკეტი.

როდესაც ამომრჩევლებზე ადმინისტრაციულ ზეწოლას ახდენდნენ, დავუშვათ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ამომრჩეველმა თანდათან ისწავლა, რომ შემოთავაზებული ფქვილი, კარტოფილი თუ 20 ლარი შეიძლება, აიღო, მაგრამ არჩევნებზე ხმა მაინც საკუთარი მოსაზრებით მიეცა. ეს იმიტომ, რომ კენჭისყრა ფარულია, არავის აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩაიხედოს ამომრჩევლის მიერ შემოხაზულ ბიულეტენში, რომელიც თავად ამომრჩევლის მიერ ვარდება ხმის მისაცემ ურნაში.

უკვე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც ბაზარზე შემოვიდა ფოტო- და ვიდეოკამერიანი მობილური ტელეფონები, ხელისუფლებამ მოიპოვა თავისი ამომრჩევლის კონტროლის მექანიზმი. ამიერიდან, ვინც ზეწოლას ექვემდებარება, იღებს ტომარა ფქვილს ან 20 ლარს (თუ ნებისმიერ სხვა სიკეთეს), მან თავის „დამკვეთს“ უნდა დაუდასტუროს, რომ ხმა „სწორად“ ანუ ნამდვილად დამკვეთს მისცა. ამომრჩეველი ვალდებულია, ხმის მისაცემ კაბინაში თავის მიერ შემოხაზულ ბიულეტენს სურათი გადაუღოს და ამ გზით დაამტკიცოს ხმის „სწორი“ მიცემა. მართალია, ფოტოსურათის გაკეთების შემდეგ, ამომრჩეველს შეუძლია, კალმით კიდევ სხვა აღნიშვნები გააკეთოს საარჩევნო ბიულეტენზე და ასე გააფუჭოს იგი, მაგრამ ამას ერთეულებიც არ იზამენ… შესაბამისად, ხმა წავა „დამკვეთის“, ძირითადად ხელისუფლების სასარგებლოდ.

სწორედ ამის გამოსარიცხად არის აუცილებელი, აკრძალულ იქნას ამომრჩევლის მიერ ხმის მისაცემ კაბინაში მობილური ტელეფონის (ისევე, როგორც ყველანაირი გადამღები აპარატურის) შეტანა.

 

გულბაათ რცხილაძე