30 წელი რუსეთს ,,ვაჩმორებთ’’, საბოლოოდ მაინც  წაგებულები ვართ, ქვას ფეხს თუ წამოვკრავთ, ამასაც ,,საბჭოთა ინერციას’’ ვაბრალებთ

პუბლიცისტი, ბესო ძნელაძე, სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

ყოველთვის – ყველა ბოთლზე ფომფლოდ მორგებულები – დღემდე გვასწავლიან – როგორია ,,თავისუფლების გემო’’. მთავარია თავისუფლების გემო გავიგოთ და თუ საკვები არ გვექნება – ბალახსაც შევჭამთო….ბალახი მართლაც ვერ გამოდგა საკვებად. ეს უკვე დავადგინეთ….რაც შეეხება თავისუფლების გემოს – საკითხავია: ეგ გემო საიდან უნდა გაგვეგო?…. ,,საბჭოთა უღლისგან’’ განთავისუფლებული დედასამშობლო, ახლა უკვე ამერიკის ელჩს უთანხმებს, დილით რომ გაიღვიძებს, საწოლიდან ჯერ მარცხენა ფეხი გადმოდგას თუ საერთოდ არ გადმოდგას. აბა რანაირად უნდა გაგვეგო იმის გემო – რაც არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია?. ვერც მომავალ უახლოეს თაობებს ვუწინასწარმეტყველებ – თავისუფლების გემოს გაგებას. როგორც ჩანს ამ გემოს მხოლოდ ისინი იგებენ ხოლმე, ვისაც რეალურადაც არასდროს მოშიებია. დღეს ხომ ,,ცვეტშია’’ – ყველაფრის გადაბრალება საბჭოთა წარსულისთვის და თავის გასაღება ,,კომუნისტებისგან დევნილ და შევიწროებულ წამებულად”. ვინც კი კომუნისტების დროს, მთავრობაში იყო, ვისაც კომუნისტები ხელის გულზე ატარებდნენ, ვაკეში ბინებს აძლევდნენ, სქელტანიან წიგნებს უბეჭდავდნენ, შემოქმედებით მივლინებებში უშვებდნენ და წარმოუდგენლად მაღალ ჰონორარებს უწერდნენ – აი ესენიც კი ,,დევნილები’’ ყოფილან თურმე – კომუნისტებისგან და თვითონაც კი ებრძოდნენ კომუნისტებს – გულის სიღრმეში მაინც. ამავდროულად პარტბილეთიც მარცხენა გულის ჯიბეში ედოთ – ასევე გულთან ახლოს. თუ მთავრობაში მყოფებიც, ხელოვნების სფეროში წარჩინებული პიროვნებებიც და – საერთოდ ყველა სფეროში თანამდებობებზე მომჯდარი ხალხი – ყველა კომუნისტებს ებრძოდა, მაშ ეს კომუნისტები ვინღა იყვნენ?….ეს ხალხი საკუთარ თავს ებრძოდა თუ რაშია საქმე?….ან რაღაც არამიწიერი ცივილიზაციიდან ყოფილან – რომელსაც ყველა ებრძოდა, მაგრამ ისინი მაინც შეუპოვრად და რაც მთავარია – შეუმჩნევლად მართავდნენ ქვეყანას….მარა გული ნამდვილად არ გვაქვს გასატეხი, უკვე 30 წელიწადია რუსეთს ,,ვაჩმორებთ’’ მაგრამ საბოლოოდ მაინც ქართველობა რჩება წაგებული. ვინმემ რომ ქვას ფეხი წამოკრას და დაეცეს, ამასაც ,,საბჭოთა ინერციას’’ დააბრალებს. აი ასეთი პარადოქსული სიტუაცია გვაქვს….