„ნატოს კარი სიმბოლურია, წევრობის სამოქმედო გეგმა ანუ მაპიც სიმბოლურია. მე ძალიან კარგად მესმის და გულიც მწყდება ამაზე, მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ნატოში გაწევრიანება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი თქმით ეს არის პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე შესაძლებელი.
„ეს არ არის ადვილი, ვერ იქნება ხვალვე. საქართველოზე საუბრის კონტექსტი იმის მსგავსია, რასაც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ვისმენდით. ისინი რუსეთის მეზობლები არიან, რუსეთს არ სურს საზღვართან ნატოს ახლოს ყოფნა და საბოლოო ჯამში ბალტიისპირეთი ქვეყნები ნატოს შემოუერთდნენ. ნატო ახალი წევრებით ძლიერდება და ძლიერდებიან ჩვენი პარტნიორებიც.
ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოში გასაწევრიანებლად 15 წელიწადი დასჭირდათ. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს დასჭირდება 15 წელი, მაგრამ დრო საჭიროა. მთავარია რომ ეს შესაძლებელია და ზუსტად ამიტომაც ნატოს წევრი სახელმწიფოები ამბობენ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულები არიან. დეკლარაციაში კი წერია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ეს ჩანაწერია 2021 წლის ნატოს ბოლო სამიტის დეკლარაციაშიც“, – განაცხადა აპატურაიმ.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საქართველოში ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ იმედგაცრუებაზეც ისაუბრა.
„მე მესმის იმედგაცრუებისაც საზოგადოების ნაწილში და არა მარტო იმიტომ, რომ დიდი დრო გავიდა და ლოდინი გიწევთ, არამედ გეოპოლიტიკური სიტუაციის გამოც.
ხალხს სურს სიზუსტე, მაგრამ ზოგჯერ ეს ასე არ არის და ამიტომ საჭიროა მოთმინება, საქართველოს ხელისუფლებამ წინა და მოქმედმა ჭკვიანურად აირჩია სტრატეგიული მოთმინება ნატოსთან მიმართებით. საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს აუცილებლად მოხდება, ნატოში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი დღეს არაა და არ ვფიქრობ, რომ კონსენსუსი საქართველოს ნატოში მიპატიჟებაზე წელს იყოს.
ჩემი აზრით, წევრობაზე ტემპერატურის აწევა არ იქნება გონივრული და გამოიწვევს მოსახლეობის დამატებით იმედგაცრუებას, ახლა საჭიროა რეფორმების გაგრძელება, კონსენსუსისთვის პოლიტიკურ პირობებზე მუშაობა, მოზომილი მიდგომა და მზადება მომავალი წევრობისთვის, რომელიც აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.