მსოფლიო, კერძოდ კი, ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, ის არასდროს აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო

ხვალ იქნება ის, რაც იყო გუშინ…
ჩვენს თვალწინ გლობალური ცვლილებები მიმდინარეობს. განსაკუთრებული ინტენსივობა ამ გარდაქმნებმა ასე ბოლო ათი წელია შეიძინა და კაცობრიობის პრიორიტეტებსა თუ შეხედულებებს, ე.ი. ფასეულობათა სისტემას შეეხება. მოკლედ ჩამოვთვლი ყველაზე მნიშვნელოვანს:

1. პანდემიის შეზღუდვები. უკვე დღეს ცხადია, რომ კოვიდი არსად წასვლას არ აპირებს და ყველაზე ცოტა 2025 – 2030 წლამდე მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. ვირუსის გავრცელებას გარკვეული მიზეზები უწყობს ხელს: მუდმივი მუტაცია, არასაკმარისი სანიტარული კულტურა პოსტსაბჭოთა სივრცესა და აზიის კონტინენტზე, დაავადების დაბალი გამოვლენა, აცრის ნელი ტემპები და სხვა ეპიდემიოლოგიური ზომების გატარების სიძნელეები (მაგალითად, ყალბი კოვიდ-პასპორტები);
2. მკვეთრად გაიზარდა შავი და ყვითელი რასის გავლენა. თუ 60-ან წლებიდან მოყოლებული ადამიანის უფლებების განხრით გადამწყვეტ გარღვევად მიჩნეულია მარტინ ლუთერ კინგის ბრძოლა შავკანიანთა უთანასწორობის წინააღმდეგ და ნელსონ მანდელას მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის გაუქმება, დღეს 2013 წელს დაარსებული მოძრაობა Black Lives Matter („შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“) არა მხოლოდ წამყვან როლს თამაშობს ფართო მასშტაბის ანტირასისტულ გამოსვლებში, არამედ კარნახობს კიდეც აშშ-ის პოლიტიკურ ელიტას დღის წესრიგსა და წესებს. მაგალითი – „Defund the Police“ („პოლიციას დაფინანსება შეუწყდეს“)
დროის მოთხოვნების გათვალისწინებით აშშ-ში ძირეულად იცვლება შეფასების კრიტერიუმები ლიტერატურაში, კინოსა თუ ქანდაკებაში, ასევე იწერება ახალი, რასობრივი ჩაგვრის მივიწყებული ისტორია, ნებისმიერ დადგმაში აუცილებელი გახდა შავკანიანი არტისტის წამყვან როლზე მოწვევა.
ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში მკვეთრად გაიზარდა განსხვავებული რასების სოციალური და უფლებრივი დაცვა. ერთი სიტყვით, იცვლება ხელოვნება, კულტურა და ფილოსოფია.
აქვე აღვნიშნავ საერთაშორისო არენაზე ჩინეთის მეტად გაზრდილ როლს. მისი ფაქტორი სულ უფრო გადამწყვეტ ადგილს იკავებს აშშ, ევროპისა და რუსეთის სახელმწიფოების პოლიტიკასა და ეკონომიკაში;
3. ლგბტ მოძრაობა. ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და სქესობრივი უმცირესობების არალეგალური, დევნილი მდგომარეობიდან მოწინავე პოზიციებზე გადანაცვლებას. ეს ფუნდამენტური ცვლილება შეეხო ყველა სფეროს – ხელოვნებით დაწყებული, პოლიტიკითა და ბიზნესით დამთავრებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი „ჰომოსექსუალური ტალღები“ დამახასიათებელია კაცობრიობისთვის, რაზეც მაგალითისთვის, ძველი რომისა და საბერძნეთის ისტორია მეტყველებს;
4. მსოფლიო აშკარად მატრიარქატისკენ გადაიხარა. თვალშისაცემია კაცების ფემინიზაცია, ფემინიზმის, როგორც წამყვანი დოქტრინის დამკვიდრება და ქალების უფლებების დომინანტური მდგომარეობა. საკმარისია თუნდაც ქალთა ძალადობის თაობაზე გამართული გახმაურებული „ჰოლივუდური პროცესების“ გახსენება;
5. ინტერნეტის სრული გაბატონება. ახალგაზრდებისა და მოზარდების ყურადღება მთლიანად სოციალური ქსელებისკენ არის მიპყრობილი, რასაც დადებითი თუ უარყოფითი მნიშვნელობით, მხოლოდ ნარკომანიას თუ შევადარებთ;
6. ახალი, სინთეტიკური ნარკოტიკების მიერ მსოფლიოს დაპყრობა. ნარკომანიამ ხარისხობრივად სრულიად განსხვავებული „სიმაღლეები“ (როგორც გავრცელებით, ასევე დაავადების სიმძიმით) დაიპყრო და ეპიდემიის ხარისხი შეიძინა. სრულიად შეიცვალა ნარკოტიკების გავრცელების გზები – გასაღებამ ინტერნეტში გადაინაცვლა. შედეგად, მივიღეთ ნარკოტიკების ადრე არნახული ბრუნვა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
დასკვნა. მსოლფლიო, კერძოდ კი, ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ის არასდროს აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. აქვე გამოვთქვამ ვარაუდს: ყველა ეს ცვლილება დროებითია და კაცობრიობას წალეკვით არ ემუქრება. მოხდება ის, რაც საუკუნეებია მეორდება – ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით, ასე 2030 წლამდე იქნება ზრდა და გაძლიერება, ხოლო შემდეგ კაცობრიობა, როგორც ადრე, გადამეტებისა და გაზვიადების შედეგად გარკვეულ გამოცდილებას მიიღებს, საკითხს ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და ბოლოს გაასაშუალოებს. მოკლედ, იქნება ის, რაც დიდი ხნის წინ იყო – ახლებურად, მაგრამ პრაგმატულობის ფარგლებში, ე.ი. ასე თუ ისე, კარგად. ადამიანის ყოფა-ცხოვრება იდგა და იდგება კაცისა და ქალის სიყვარულზე, შურსა და სიძულვილზე… და დედამიწაზე – ყოველივეს დედაზე: სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და სიკვდილის.
ზ.ო. – 2021, ივნისი

ზურა ოდილავაძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი