პოლიციამ პიკასოს 20 მლნ ევროდ შეფასებული შედევრი იპოვა

საბერძნეთის პოლიციამ ეროვნული გალერეიდან მოპარული ორი შედევრი — პაბლო პიკასოსა და პიტ მონდრიანის ნახატები იპოვა, იუწყება გამოცემა Proto Thema.

 

საუბარია პიკასოს სურათზე „ქალის თავი“ (მხატვრის მუზა დორა მაარის პორტრეტი), რომელიც 1939 წელსაა შექმნილი, და მონდრიანის „წისქვილზე“, რომელიც 1905 წელს დაიხატა.

​გავრცელებული ინფორმაციით, შედევრები ქალაქ კარატეიაში აღმოაჩინეს ერთ-ერთ საწყობში.

დაკავებულია 49 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელმაც ვერ მოახერხა ნახატების საზღვარგარეთ გატანა და შავ ბაზარზე გაყიდვა.

ორივე ტილო ეროვნული გალერეიდან მოიპარეს 2012 წლის იანვარში — იქ კაპიტალური რემონტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. მაშინ მძარცველებმა სიგნალიზაცია გათიშეს, კარი შეტეხეს და რამენიმე სურათი წაიღეს, რომელთა შორის იყო პიკასოსა და მონდრიანის ნამუშევრებიც. ეს დანაშაული, რომლის გამოძიებაშიც ეროვნული სადაზვერვო სამსახური მონაწილეობდა, „საუკუნის ძარცვად“ შეფასდა.

არსებული ცნობით, პიკასოს ნახატის ფასი 20 მილიონ ევროს აღწევს. ტილოს უკანა მხარეზე თავად მხატვრმა 1949 წელს საკუთარი ხელით წააწერა მიძღვნა ბერძენი ხალხისადმი — ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და საჩუქრად გადასცა ეროვნულ გალერეას.

 

“სპუტნიკი”: