როდის გახსნის რუსეთი საზღვარს საქართველოს მოქალაქეებისათვის?!

ამ კითხვით ხშირად მომმართავენ. დღესაც ერთმა შორეულმა ნაცნობმა გამიხსენა – ბატონო გულბაათ, ჩვენი სამსახურიდან სამი კაცია რუსეთში ჩასული საქმეზე და მეოთხე აუცილებლად უნდა ჩავიდეს, როგორ მოვახერხოო.

მე ავუხსენი, რომ რუსეთის მხრიდან საზღვარი დაკეტილია და მეზობელ სახელმწიფოში შესვლა, საქართველოს მოქალაქეების რიცხვიდან, შეუძლიათ მხოლოდ ახლო ნათესავების (რუსეთის მოქალაქეების) მიერ მოწვეულ პირებს, სატვირთო-გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ შორის, სამკურნალოდ მიწვეულ პირებს.

ჩემი ნაცნობის ნაცნობი ვერც ერთ ამ კატეგორიაში ვერ ხვდება, ამიტომ, ნაცნობმა მთხოვა, იქნებ “რამენაირად” მოახერხო დახმარება, მაგალითად, სამკურნალოდ ჩასვლის ცნობა გაუკეთოო. მე მას განვუმარტე, რომ მოწვევას აკეთებს სამკურნალო დაწესებულება, მთავარი ექიმის ხელმოწერით, ეს მოწვევა კი იგზავნება რუსეთისვე შსს-ში, სადაც, ვიზირების შემდეგ, გაფორმებული მოწვევა მიეწოდება რუსეთის საკონსულოს სტრუქტურებს. შესაბამისად, მე ვერანაირად დავეხმარები. ერთია, რუს ქალთან ხელს თუ მოაწერს, გაუშვებენ-მეთქი – ნახევრად ხუმრობით ვუთხარი. – არა, მაგდენი დრო სად არისო, – მიპასუხა მოსაუბრემ.

ნაცნობი მაინც შეეცადა, იქნებ რაიმე გზა მიმესწავლებინა. ბოლოს, როდესაც დავიღალე, ვუთხარი:

“მაინტერესებს, ამ ხალხს რუსეთი ასე აგდებული რატომ ჰყავს, რომ ამდენ უკანონობას ითხოვენ, ხან ბელარუსიიდან იპარებიან, ხან კლინიკების სამკურნალო მოწვევებს აყალბებენ, ხან ტრაილერის მძღოლის ვიზებს იღებენ… ახლა თქვენ მეუბნებით, რომ სასწრაფოდ უნდა ჩავიდეს ვიღაც პიროვნება რუსეთში მაშინ, როდესაც ეს კანონით არ შეიძლება. ხომ არ გვინდა რუსეთი, არც რუსული ვაქცინა, ვლანძღავთ, ვაგინებთ, ვწყევლით… რა გახდა ამისთანა, რატომ არ ანებებთ თავს რუსეთში სიარულს?! ამიტომ, შეკითხვით, თუ როდის გაიხსნება საზღვარი, ირაკლი კობახიძეს მიმართეთ”…

“პოლიტიკაში არ ვერევი, აბა, როგორ…” – არ ესიამოვნა ჩემს თანამოსაუბრეს, მით უმეტეს, რომ ტელეფონით ვუთხარი ეს ამბავი, ჩვენს ხალხს კი ძალიან ეშინია, რომ “ყველაფერი ისმინება”…

“თუ არ ერევით, ასე იქნებით კობახიძეების შემყურენი და დაელოდეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, როდის გახსნის საზღვარს!” – იყო ჩემი პასუხი.

რა ვიცი, ხომ არ ავჩქარდი, რამე ტყუილი ხომ არ ვთქვი?…

 

გულბაათ რცხილაძე