2012 წელს ევრაზიის ინსტიტუტმა დიდი გამოკითხვა ჩაატარა – ერთადერთმა ქართულმა ორგანიზაციამ, დასავლეთის დაკვეთისა და ფინანსების გარეშე, გამოარკვია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს აგებს. გარდა ამისა, გამოკითხვით დადასტურდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებისაგან“ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ელოდა და მოითხოვდა.
მკითხვარში ასეთი კითხვაც გვქონდა: „თქვენთვის რა არის პრიორიტეტული: ა) საქართველოს გაერთიანება, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია თუ ბ) საქართველოს ნატოში ინტეგრირება, ნატოს წევრად გახდომა?“ . პასუხი ცალსახა იყო – როგორც მახსოვს, რესპონდენტთა 90 პროცენტზე მეტმა პრიორიტეტი „ა“ ვარიანტს მიანიჭა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. თუკი დადგება დილემა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, მაგრამ უნდა დაკარგოს აფხაზეთი და შიდა ქართლი, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იქნება.
მაგრამ საკითხავია, წინააღმდეგი იქნება თუ არა საქართველოს ხელისუფლება, ე. წ. ოპოზიციური სპექტრი, მასმედია, არასამთავრობო სექტორი – ე. ი. ყველა ის, ვინც ამერიკა-ევროპის, სოროსის და სხვა „დონორების“ დაფინანსებასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების ეს „ზედაფენა“ პირიქით იმოქმედებს ანუ ერთიანი საქართველოს იდეას გასწირავს ნატოში წევრობის სანაცვლოდ. ამ ეროვნულ ღალატს კი, სარჩულად, არ გამოვრიცხავ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერის (მთავრობის მეთაურის), კონრად ადენაუერის პოლიტიკით მოუძებნონ გამართლება. ადენაუერი გახლავთ ის ლიდერი გერმანიისა, რომელმაც განზრახ თქვა უარი გერმანიის გაერთიანებაზე და თავისი ქვეყანა ნატოში ჩაითრია, რამაც გერმანიის 40-წლიანი გაყოფა, უამრავი ოჯახის დაშლა, ბერლინის კედელი და კიდევ ათასნაირი სხვა პრობლემა გამოიწვია.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირი და პირადად მარშალი სტალინი სულაც არ იყვნენ მოწადინებულნი, გერმანია დაშლილიყო რამდენიმე ნაწილად ან ორად გაყოფილიყო. პირიქით, ჯერ კიდევ 1945 წელს სტალინი უფრო ერთიანი გერმანიის ვარიანტისკენ იხრებოდა, თუკი იგი იმგვარად იქნებოდა ორიენტირებული, რომ საბჭოთა კავშირისთვის საფრთხეს აღარასოდეს გამოიწვევდა. მაგრამ დასავლეთის ანტისაბჭოთა პოლიტიკამ და ცივი ომის გაჩაღებამ გამოიწვია გერმანიის ორად გაყოფა. პირველად 1949 წლის 23 მაისსწორედ დასავლეთ-გერმანული ფედერაციის დაარსება გამოცხადდა, მხოლოდ ამის შემდეგ რამდენიმე თვეში (7 ოქტომბერს) გაფორმდა აღმოსავლეთ გერმანიის ანუ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, სადაც კომუნისტური, ერთპარტიული მმართველობა დამყარდა. მაგრამ სწორედ სტალინმა წამოაყენა ისტორიული ინიციატივა გერმანიის გაერთიანების შესახებ – 1952 წელს, მარტის თვეში. ეს მოვლენა მსოფლიო ისტორიაში შევიდა „სტალინის ნოტის“ სახელწოდებით.
სტალინის ინიციატივამ იმხელა შოკი გამოიწვია დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, რომ მას ბლეფიც კი უწოდეს, თითქოს სტალინს სინამდვილეში დასავლეთის შეცდომაში შეყვანა სურდა და სულაც არ აპირებდა გერმანიის გაერთიანებას. მაგრამ მალე ყველა დარწმუნდა, რომ მოსკოვიდან წამოსული ინიციატივა სრული სერიოზულობით იყო მომზადებული. სტალინის ინიციატივის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ გერმანია უნდა გაერთიანებულიყო, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, თავისუფალი არჩევნებითა და კონსტიტუციით, მას უნდა დაბრუნებოდა სრული სუვერენიტეტი საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ჰყოლოდა საკუთარი ძლიერი შეიარაღებული ძალები… ეს ყველაფრი მხოლოდ ერთადერთი წინაპირობით – ერთიანი და დემოკრატიული გერმანია ამავე დროს, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ნეიტრალური სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ 1949 წელს უკვე შექმნილი იყო დასავლეთის სამხედრო ბლოკი – ნატო, ხოლო ვარშავის პაქტი და სოციალისტური ქვეყნების სამხედრო ბანაკი, როგორც ასეთი, ჯერ არ არსებობდა (ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია მხოლოდ 1955 წელს შეიქმნა, დასავლეთ გერმანიის რემილიტარიზაციის და ნატოში მიღების ფონზე). სტალინი მოქმედებდა როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ევროპელი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე – ევროპის გულის, გერმანიის მშვიდობიან და ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება დაამშვიდებდა ცივი ომით გამოწვეულ ვნებებს, შეიარაღებების შეჯიბრის ნაცვლად, სამშვიდობო ყაიდაზე გადაიყვანდა ევროპელი ერების ცხოვრებას.
მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავისი აგრესიული მიზნებიდან გამომდინარე, ხელს არ აძლევდა მშვიდობიანი და მშვიდი ევროპა, რომელიც მოსკოვს აღარ აღიქვამდა მტრად და საფრთხედ. ამიტომ ამერიკელებმა ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ სტალინის ინიციატივა არ განხორციელებულიყო. მათი მთავარი საყრდენი დასავლეთ გერმანიაში ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი კონრად ადენაუერი იყო. ადენაუერი ამერიკულ სპეცსამსახურებთან დიდი ხნის წინ იყო კონტაქტში შესული, თუმცა მისი პირადი მოსაზრება იყო ის, რომ ნეიტრალური გერმანია, რომელსაც თავისი საკუთარი განვითარების გზა ექნება (ე. წ. „დოიჩერ ზონდერვეგ“), საშიშია საკუთარი თავისთვის და მეზობლებისთვისაც, ამიტომ გერმანიას შეზღუდული უნდა ჰქონოდა სუვერენიტეტი და უნდა მომხდარიყო მისი რადიკალური ინტეგრაცია ამერიკის მიერ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში. კათოლიკე წვრილბურჟუა ადენაუერს ახასიათებდა უკიდურესი ანტიკომუნიზმი, მაგრამ საქმე მხოლოდ კომუნიზმის მიმართ სიძულვილში არ მდგომარეობდა. ადენაუერი ვერ იტანდა აზიას, ყოველივე იმას, რაც ევროპასთან არ ასოცირდებოდა მისსავე წარმოდგენებში. ასე მაგალითად, გერმანიის სოციალ-დემოკრატი კანცლერი 1970-იან წლებში ვილი ბრანდტი (რომელმაც მუხლი მოიდრიკა ვარშავაში, ნაციზმის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ), რომელიც ახლოს იცნობდა ადენაუერს, თავის მოგონებებში წერდა, რომ ადენაუერი მდინარე ელბას აღმოსავლეთით მდებარე ევროპას აზიად მიიჩნევდა, როდესაც მაგდებურგს გავცდებოდით ბერლინის მიმართულებით, აღმოსავლეთისკენ, ადენაუერი მატარებლის კუპეში ფარდებს ჩამოაფარებდა – არ სურდა „აზიური სტეპის“ დანახვაო – იგონებს ბრანდტი თავის მემუარებში. რეალურად, ადენაუერი ვერ იტანდა 1870 წელს გაერთიანებული გერმანიის იმპერიის ფუძეს – ლუთერანულ პრუსიას, მის სამხედრო სულისკვეთებას.
ამიტომაც, ადენაუერი იდეალური მოკავშირე აღმოჩნდა ამერიკელებისთვის, რომლებმაც მისი საშუალებით დაბლოკეს სტალინის ინიციატივა გერმანიის გაერთიანების შესახებ. ადენაუერმა აუკრძალა საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ რიხარდ მაიერ ფონ ახენბახს ანალიტიკის გამოქვეყნება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა საფრთხე ევროპისათვის გაზვიადებულია, სინამდვილეში კი, საბჭოთა კავშირის სამხედრო დოქტრინა თავდაცვაზე იყო ორიენტირებული და არ ესწრაფოდა ევროპის დაპყრობას (ახენბახის ანალიტიკა 1980-იან წლებამდე იყო გასაიდუმლოებული). 1952 წლის 16 მარტს ანუ სტალინის ინიციატივის გაჟღერებიდან მე-6 დღეს, ადენაუერმა ქალაქ ზიგენის ევანგელისტურ მუშათა წრესთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ „ნეიტრალიტეტი ჩვენთვის ნიშნავს, გადავიქცეთ არარაობა ქვეყნად; ჩვენ გავხდებით ობიექტი და ვეღარ ვიქცევით სუბიექტად /…/ ჩვენი მიზანია, დასავლეთი იმდენად გაძლიერდეს, რომ მან შეძლოს საბჭოთა კავშირთან გონივრული და რაციონალური საუბარი“ – აღნიშნა კანცლერმა კონრად ადენაუერმა, რაც საბჭოთა კავშირის ინიციატივაზე მყისიერ უარს ნიშნავდა, რამაც სახტად დატოვა „შიდაგერმანული საქმეების“ მინისტრი, ანტიფაშისტი იაკობ კაიზერი, რომელიც საბჭოთა ინიციატივას საინტერესოდ და სასარგებლოდ მიიჩნევდა.
მართალია, ადენაუერის პოლიტიკას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, განსაკუთრებით ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხრიდან, თუმცა გერმანიის გაერთიანების შესაძლებლობის უგულებელყოფა ადენაუერის ქრისტიან-დემოკრატების დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელი იყო. ადენაუერის კრიტიკა წლების მანძილზე გრძელდებოდა. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარტიის თანადამფუძნებელმა გუსტავ ჰაინემანმა (რომელიც 1969 წელს გფრ-ის პრეზიდენტი გახდა), ასევე კაბინეტის კიდევ ერთმა წევრმა – იუსტიციის მინისტრმა თომას დელერმა კანცლერს ბრალი დასდეს, რომ მან განზრახ არ შეისწავლა გერმანიის გაერთიანების შესაძლებლობა. ჰენრი კისინჯერი თავის ნაშრომში „დიპლომატია“ ადენაუერის ასეთ ქმედებას შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის ბრძოლას უკავშირებს.
ასეა თუ ისე, ადენაუერმა თავად მოახდინა გერმანიის გაერთიანების ტორპედირება. „შეშფოთებულმა დასავლეთმა“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას უკვე იმავე 1952 წლის მაისში ხელი მოაწერინა „ევროპის თავდაცვითი კავშირის შესახებ“ ხელშეკრულებაზე. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლის ივნისში, უკვე ლავრენტი ბერიამ, მისთვის დამახასიათებელი ენერგიულობით, თავიდან წარუდგინა გერმანელებს ქვეყნის გაერთიანების და სუვერენიტეტის დაბრუნების გეგმა, ნეიტრალური სტატუსის სანაცვლოდ, თუმცა ამ ინიციატივას გაგრძელება აღარ მოჰყოლია, ვინაიდან თავად ბერია მოკლეს სულ რამდენიმე დღეში, ხრუშჩოვის ბანდის წევრებმა.
როგორც ისტორიამ აჩვენა, საბჭოთა კავშირი არასოდეს იყო გერმანიის გაყოფისა და მით უმეტეს, დაშლის ინიციატორი; პირიქით, თავიდანვე ითვალისწინებდა გერმანელი ხალხის სწრაფვას ერთიანობისკენ. თვით 1980-იან წლებშიც, გერმანელთა უმრავლესობა თანახმა იყო, ფედერაციული რესპუბლიკა გამხდარიყო ნეიტრალური და სანაცვლოდ გაერთიანება მიეღო – ამას მოწმობს ალენსბახის ინსტიტუტის მიერ იმჟამად ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები. თუმცა მოხდა მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი რამ: მიხაილ გორბაჩოვმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ, გერმანიის გაერთიანება რაიმე არსებითი წინაპირობის, მით უმეტეს, ნეიტრალური სტატუსის გარეშე, დაუშვეს. საბჭოთა დათმობები იმდენად ცალმხრივი და საკუთარი ინტერესებისთვის საზიანო იყო, რომ გერმანიის გაერთიანების ნაცვლად შედგა დასავლეთ გერმანიის მიერ აღმოსავლეთ გერმანიის შემოერთება, „ანშლუსი“. ამის თქმა არაპოლიტკორექტულად მიიჩნევა თანამედროვე გერმანიაში, მაგრამ რომც არ ვთქვათ, სიმართლე სწორედ ესაა.
საქართველოსთვის აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ეს გამოცდილება გერმანიის უახლესი ისტორიიდან. გერმანია, ასე ვთქვათ, დასავლეთმა გაერთიანებას და ნეიტრალიტეტის ფინურ მოდელს „გადაარჩინა“. დასავლეთი არც საქართველოს გაერთიანებას დაუჭერს მხარს ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ; არადა, ადრეც აღმინიშნავს, რომ რუსეთს მსგავსი ინიციატივა საქართველოსთან მიმართებით უკვე ჰქონდა გაჟღერებული. კერძოდ, 2007 წელს, რუსეთის ელჩმა კოვალენკომ საქართველოში განაცხადა ჟურნალისტების წინაშე, რომ საქართველო შეიძლება გაერთიანდეს, თუკი ნეიტრალურ სტატუსს აირჩევს. ამ წინადადებას ისტერიულად გამოეხმაურა სოროსულ-ქართული მასმედია, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ ასეთი შესაძლებლობა იმთავითვე გამორიცხა – მისი სიტყვებით, გამოვიდა, რომ ნატო მეტს ნიშნავს ქართველი ხალხისთვის, ვიდრე ერთიანი საქართველო.
რამდენად რეალურია „ახალი გორბაჩოვის“ მოლოდინი, რომელიც ყველაფერს უპირობოდ, საკუთარი ქვეყნის საზიანოდ დათმობს? – თუკი ამის გვჯერა, მაშინ უსასრულოდ უნდა ველოდოთ, ვინაიდან რუსეთში გორბაჩოვის მსგავსი ყველაფრის დამთმობი და რუსეთის ინტერესების უარმყოფელი ელემენტები ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლების სათავეში. საქართველოს რეინტეგრაცია მხოლოდ რუსეთთან დიალოგის (ამის პარალელურად, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის), რუსეთის კეთილი ნების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ახლა კი დრო საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს…
გულბაათ რცხილაძე