ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, რომელიც აღჭურვილია „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებით, ჰოლანდიურ სამხედრო საზღვაო ფრეგატს Evertsen შავ ზღვაში სახიფათო სიტუაციები შეუქმნა.
მათი ცნობით, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ფრეგატს რამდენჯერმე სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა, ახორციელებდა იმიტირებულ თავდასხმებს და დაბრკოლება შეუქმნა მის საკომუნიკაციო სისტემებს.
როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რუსეთის მხარე ამ ქმედებებს 24 ივნისს 5 საათის განმავლობაში ახორციელებდა და არღვევდა ზღვით თავისუფალი სარგებლობის უფლებებს.
მათივე ცნობით, ინციდენტის დროს ნიდერლანდების საზღვაო ხომალდი ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ხომალდებთან ერთად ღია ზღვაში პატრულირებდა. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბილეველდმა რუსეთის ამ ქმედებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
„Evertsen- ყველანაირი უფლება აქვს იქ იცუროს. ამგვარ აგრესიულ აქტს გამართლება არ აქვს. ეს ზრდის ინციდენტების შანსს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ნიდერლანდები ამ საკითხს რუსეთთან დიპლომატიურ დონეზე დააყენებს.