კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია მობილური ოპერატორებისთვის საცალო სატარიფო რეგულირებას აუქმებს და მობილურ ოპერატორებს სატარიფო მოქნილობას უბრუნებს, შედეგად ოპერატორები თავად დაადგენენ წუთობრივ ტარიფებს.
საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მობილური ოპერატორების ტარიფებზე და სიახლე არ შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, რომელსაც ასევე აკონტროლებენ ის კომპანიები, რომლებიც მობილური ოპერატორების ფუნქციებს ასრულებენ.
კომუნიკაციების კომისიის მიერ სატარიფო კონტროლის გაუქმება მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს პანდემიის პირობებში ოპერატიულად უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებს, განახორციელონ ინვესტიციები და მომხმარებლისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად ახალი ტექნოლოგიები დანერგონ, აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
მიუხედავად ამისა, მობილური კავშირის ბაზარზე ოპერატორებისთვის მოქმედების ნორმები მაინც შენარჩუნდება.
კერძოდ, კომისია აფრთხილებს ოპერატორებს, რომ აღკვეთს კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლების ინტერესების შეზღუდვის მცდელობებს.
„საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია, როგორც სექტორის რეგულატორი, საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლების ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში, შეისწავლის საკითხს და დარღვევის დადასტურებისას, კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომისიის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მსხვილი მობილური ოპერატორების მიმართვა, რომლებიც გაზრდილი ტრაფიკის გამო ქსელების გადატვირთვას უჩიოდნენ და ინვესტიციების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, გარდა ამისა სახელდებოდა მაღალი ტარიფებისა და მოსახლეობის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება.
დღეს საქართველოში ოთხი კომპანია ოპერირებს – „მაგთიკომი“, „სილქნეტი“, „ბილაინი“ და „გლობალ სელი“. აბონენტების რაოდენობის მიხედვით, „მაგთიკომი“ ლიდერობს 1.5 მილიონით, მეორე ადგილზეა „სილქნეტი“ 1.3 მილიონით, ხოლო მესამე ადგილზეა „ბილაინი“ 1 მილიონი აბონენტით. დანარჩენები „გლობალ სელის“ აბონენტები არიან – 127 ათასი ადამიანი.
2020 წელს საქართველოში მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ 94,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან ხმოვანმა ტრაფიკმა შეადგინა დაახლოებით 6,9 მლრდ წუთი, მობილური ოპერატორების აბონენტების მიერ 3,7 მლრდ ზარი განხორციელდა.
საშუალოდ საქართველოში ერთ თვეში 308 მილიონი ზარი ხორციელდება. მათი პიკი ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდზე მოდის.
“სპუტნიკი”