„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრებმა „პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებული ძალადობის ფაქტები დაგმეს

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა შეაფასეს. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრებმა ძალადობა და თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვა დაგმეს.

მმართველ პარტიში ამბობენ, რომ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოხატოს თავისიი აზრი, რა ფორმითაც სურს. ხელისუფლება კი იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას თითოეული მათგანის უსაფრთხოება.

„ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს, პრაიდის ორგანიზება მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას სტაბილურობა არ სურს. მე არ მივესალმები პრაიდის ჩატარებას, თუმცა კატეგორიულად ვგმობ ყველანაირ ძალადობას“, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა არის დაუშვებელი, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ის.

„მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ ამოცანას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ყველა მოძალადე აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

„მოძალადეების დასჯა აუცილებელია, რათა სხვა დღეებში, უკვე საჯარო ღონისძიებების დროს არცერთმა ჯგუფმა აღარ გაბედოს მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ხელის შეშლა“, – განაცხადა სამნიძემ.

 

“იმედინიუსი”