პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა მოულოდნელი იყო, ვინაიდან ის მანამდე აცხადებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადააყენეს.
ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა “დღის კურიერის” ეთერში, ცესკოს ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის საკუთარი ვერსია დაასახელა. რომან გოცირიძე თვლის, რომ კარგი იქნება, თუ თამარ ჟვანიას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩაანაცვლებს.
“თამარ ჟვანიას გადადგომა მოულოდნელობა იყო, რადგანაც მან ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ არსად არ წავალო. ის მოხსნეს, თუმცა რას დაპირდნენ ამას ჩვენ დრო გვაჩვენებს.
პირადად ჩემი მოსაზრებით, ახალი თავმჯდომარის არჩევისას, კარგი იქნება თუ განმეორდება ის, რაც სახალხო დამცველის არჩევისას მოხდა. როდესაც ნინო ლომჯარია ჩვენთან ფრაქციაში გასაუბრებაზე მოვიდა, მახსოვს, რომ ის ჩვენი დეპუტატობის ვადით იყო არჩეული და წელს ვადა უმთავრდება. კონსულტაციები ჯერ ამ საკითხზე დაწყებული არ არის, მაგრამ სულაც არ იქნება ცუდი, თუ იგივე ნინო ლომჯარია, ან მსგავსი იქნება ამ პოსტზე. ეს აზრი ამ წუთას ხამამაღლა მომივიდა და მგონია, რომ მან მშვენივრად იმუშავა თავის პოსტზე. ამიტომ, თუკი 3-4 თვით ადრე დატოვეს ის სახალხო დამცველის თანამდებობას და ცესკოს თავმჯდომარედ გადმოინაცვლებს ცუდი არ იქნება” – აცხადებს რომან გოცირიძე.
წყარო: ptn.ge