დიდ ბრიტანეთში კოვიდ-გარდაცვლილების 40 პროცენტი – ორჯერ აცრილია!

კორონავირუსის ე. წ. “დელტა-ვარიანტის” გამო დიდი შეშფოთებაა დიდ ბრიტანეთში. მიზეზი – მუტირებული ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილთა 40%-ს ორჯერ აცრილი ადამიანები შეადგენენ.

ბევრისთვის ეს შეშფოთების საფუძველია, ბევრისთვის – აცრის კამპანიის ლოგიკური შედეგი, – წერს გამოცემა “Die Welt“. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვლილთა მთლიანი რიცხვი არ არის მაღალი: ინგლისის Public Health-ის ცნობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან ამავე წლის 21 ივნისამდე დარეგისტრირებულია 117 სიკვდილის შემთხვევა, რომელიც “დელტა”-ვარიანტის ინფექციას უკავშირდება. მათგან 109 ადამიანი 50 წელს გადაცილებული იყო, 8 – უფრო ნაკლები ასაკის. 50 წელს გადაცილებულთაგან 50 ადამიანს ანუ 42 პროცენტს უკვე ორჯერ ჰქონდა ჩატარებული ვაქცინაცია. 50 წელზე ნაკლები ასაკის გარდაცვლილთაგან (8 კაცი) 6 აუცრელი იყო, ორ დანარჩენს კი ვაქცინის პირველი დოზა გაკეთებული ჰქონდა.