“ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია არ შეწყვეტილა, უბრალოდ გაიზარდა ინტერვალი – მარინა ეზუგბაია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის კლინიკურმა დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია არ შეწყვეტილა, არამედ პირველი დოზიდან მეორე დოზამდე პერიოდი გაიზარდა.

– “ასტრაზენეკაზე ვაქცინაცია არ შეწყვეტილა. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ შეფერხდა, იგულისხმება რომ გაიზარდა ინტერვალი. ამ ვაქცინას აქვს ხანგრძლივი პერიოდი პირველი დოზიდან მეორე დოზით ვაქცინაციამდე, ოთხი კვირიდან 12 კვირამდე, ანუ საკმაოდ დიდი დიაპაზონია. დღეს არსებულ მარაგს ვანაწილებთ ასე, ვისაც ათი კვირა უსრულდება, ასეთ პირებს ვაქცინაცია უტარდებათ. აქედან გამომდინარე, მეათე კვირაზე ვაქცინაცია კარგია, რადგან იმუნური პასუხი ამ დროს არის ძალიან კარგი. მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, მარაგი არსებობს და ათი კვირა ვისაც შეუსრულდება, ყველა აიცრება“ – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

წყარო: itv.ge