საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს – ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას მოუსმენს.
ოპოზიციის ნაწილი პროცესს კვლავ არ ესწრება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადო დანიშვნა შარლ მიშელის დოკუმენტის პირდაპირი დარღვევაა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, პროცესი შეაჩეროს.
მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესი შარლ მიშელის დოკუმენტს არ არღვევს.
– “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ინტერვიუს პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალური ჩართულობით, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც მმართველი პარტიის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი, ასევე პროფესიული საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორი. ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს, რათა შევიქმნათ წარმოდგენა თითოეული კანდიდატის შესახებ, ვინ შეიძლება იმსახურებდეს ან არ იმსახურებდეს უზენაეს სასამართლოში გამწესებას. წინასწარ პოზიციებს ჯერ არ ვაფიქსირებთ. საბოლოო შთაბეჭდილებას შევიქმნით მას შემდგომ, როდესაც დავასრულებთ თითოეულთან გასაუბრებას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, აიღეს ვალდებულება, რომ მას შემდგომ, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულდებოდა, უნდა მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში, ამიტომ, თუკი ვინმე ამ შეთანხმებას არღვევს, ესენი არიან ეს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებმაც აიღეს ვალდებულება რომ პროცესში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ახლა არ აკეთებენ ამას, რაც არის ნაკისრი ვალდებულებების პირდაპირ უხეში დარღვევა. ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოსამართლეებს – ლევან თევზაძესა და ეკა ზარნაძეს მოუსმინეს.
წყარო: newposts.ge