– “შეიძლება, ინვესტორები სხვადასხვა ორიენტაციის იყვნენ… ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანა” – თემურ ჭყონია.
ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისის ცენტრში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანაა და მიმდინარე პროცესები ინვესტორებზეც ცუდად აისახება. მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, საით მიდის და რისთვის იბრძვის.
– “ინვესტორები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ორიენტაციისაც კი. როდესაც ინვესტორს მოვიწვევთ, ორიენტაციაც უნდა ვკითხოთ: მეგობარო, ბევრი ფული რომ გაქვს, რა ორიენტაციის ხარ? იმიტომ, რომ შეიძლება, ფული მოგვეწონოს და ორიენტაცია – არა. არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რას ვირჩევთ, ეკონომიკას თუ ადამიანის ორიენტაციას. ეს მთელი უბედურებაა. მაშინ საბაჟოზე უნდა დავაყენოთ ცალკეული მებაჟე, რომელიც შეამოწმებს რა ორიენტაციის ტურისტი შემოდის. რა არის მნიშვნელოვანი უნდა გავიგოთ, რას ვებრძვით, რისთვის ვიბრძვით?
სჯობს იყოს აგრესიული, ვიდრე ჩამორჩენილი. ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანა და მთავარი რა არის – ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში აგრესიული ჯგუფები არსებობენ და რა რაოდენობით არიან ისინი? მაგალითად, 2-ჯერ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა, ვინ ჩამოხსნა და შეიძლება თუ არა ეს განმეორდეს? მივეჩვიეთ მომხდარის დაფიქსირებას და სახელმწიფო ტრაბახობს იმით, რომ მომხდარის ანალიზს აკეთებს. როგორც საქართველოს მოქალაქეს, მე არ მაინტერესებს ანალიზი, მე მაინტერესებს პრევენცია, რომ აღარ მოხდეს ეს, თორემ მომხდარის დამნაშავის ძებნა, ჩემს ინტერესებში არ არის. მაინტერესებს, დროშა აღარ ჩამოხსნან და აღარ სცემონ ახალგაზრდა ჟურნალისტები – გოგოებს ურტყამენ თავში და ჩვენ ამას ვაფიქსირებთ და ვგმობთ, რას ვგმობთ ? რა დროს დაგმობაა?
როდესაც ვსაუბრობთ, რომ პრევენცია არ კეთდება და მომხდარს ვაფიქსირებთ, ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი უსუსურობაა. უნდა ვიცოდეთ, რამდენია რადიკალურად განწყობილი ადამიანი, ვის შეუძლია დროშის ჩამოხსნა, ვის შეუძლია ადამიანის მოკვლა. თუ პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებს ვაკეთებთ და ამ მანიპულაციებით ხმებს ვიპოვებთ. ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეთ, მე ხომ უნდა ვიცოდე, რამდენი რადიკალი შეიძლება იყოს ქუჩაში“ – ამბობს ჭყონია.
წყარო: newposts.ge