ტურისტები მეკითხებოდნენ, შორტებით რომ მოვედით, რამე პრობლემა ხომ არ შეგვექმნებაო

– “ტურისტები მეკითხებოდნენ, შორტებით რომ მოვედით, რამე პრობლემა ხომ არ შეგვექმნებაო” – გიდის თქმით, წინასწარ დაჯავშნილი ტურები უქმდება.

რა გავლენა იქონია, საქართველოში 5-6 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა ტურიზმზე და ტურისტების განწყობებზე ქვეყნის მიმართ – ამაზე პასუხს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გიდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა.

გიდის ინფორმაციით, ერთ დღეში 6 ტური გაუუქმდა და ბოლოდროინდელი მოვლენები წლევანდელ ტურისტულ სეზონზეც ძალიან ცუდად აისახება. როგორც აღმოჩნდა, ტურისტები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღარ მიიჩნევენ.

– “დღეს უკვე მეექვსე ტური გამიუქმდა. მიმდინარე მოვლენები ძალიან, ძალიან ცუდად აისახება წლევანდელ ტურისტულ სეზონზე. ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც 100% ტურიზმზე დგას, ტურისტების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

გაუქმების მიზეზებიც ლოგიკურია: საქართველო კი არის ლამაზი და მშვენიერი, კარგი ღვინო და საჭმელებიც საუკეთესო გაქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე სამოგზაუროდ, უსაფრთხო ქვეყნად აღარ გვესახებაო.

გუშინდელი სითი ტურის დროსაც მკითხეს, შორტებით რომ მოვედით, პრობლემა ხომ არ შეგვექმნებაო. ნახევარი ტურიც წინა დღის მოვლენებს დავუთმეთ. ამას აღარც იუმორი შველის და აღარც ურბანული ლეგენდები და ყირაზე დადგომა.

ჯერ ანტივაქსერული კამპანიის გამო იწერებოდნენ, გვეშინიაო, მერე ავიცერი (მადლობა ღმერთს, გამიმართლა უბრალოდ) და კოვიდ პასპორტს დავატარებდი ყველა მეილში, ლამის ხელმოწერად დავაყენე. ახლა ტურისტის დაჭრა და ადამიანების დარბევა. ნამეტანი ხომ არაა?” – წერს გიდი ნუცა ციმაკურიძე სოციალურ ქსელში.

წყარო: newposts.ge