“სპუტნიკი” ამ დღეებში “დოიჩე ველეზე” დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს მოსთხოვა, შემოიღოს იურიდიული პროცედურა ერთნაირსქესიანი ოჯახური კავშირების აღიარების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ECHR-მა სამი ერთნაირსქესიანი წყვილის სარჩელი გააერთიანა, რომლებიც ჯერ კიდევ 2009 წლიდან ცდილობდნენ ქორწინების გაფორმებას, მაგრამ რუსეთის მმაჩის ბიუროებმა და სასამართლოებმა უარი უთხრეს. მოსარჩელეები ხაზს უსვამდნენ, რომ მათ შემთხვევაში დაირღვა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი უფლებების ევროპული კონვენციის მერვე და მეთოთხმეტე მუხლები — „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“ და „დისკრიმინაციის აკრძალვა“.
ამასთან სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მერვე მუხლი პირდაპირ არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ოფიციალურად აღიაროს ერთნაირსქესიანი კავშირები. თუმცა ამავდროულად ერთნაირსქესიან წყვილებს, ისევე როგორც განსხვავებულსქესიანებს, ესაჭიროებათ ოფიციალური აღიარება და დაცვა. სახელმწიფოები ვალდებული არიან, გაითვალისწინოს ეს და უზრუნველყონ ერთნაირსქესიან წყვილთა და საზოგადოების მოთხოვნათა შორის ბალანსი.
როგორც ECHR-ში დაადგინეს, ხსენებული მოსარჩელეების შემთხვევაში, არ არსებობდა არანაირი საფუძველი საიმისოდ, რომ მათ ურთიერთობები ვერ დაეკანონებინათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა კრემლში. როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთს არ შეუძლია შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს. „ჩვენი კონსტუტიციით – არ შეიძლება“, – განაცხადა მან.