თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრთა ერთ ნაწილს რკინიგზა ბილეთის თანხას უბრუნებს

დღეს ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლის ორ ვაგონში მოულოდნელად კონდიცირების სისტემა გაითიშა. შექმნილი დისკომფორტის გამო „საქართველოს რკინიგზა“  იმ ვაგონის მგზავრებს, სადაც პრობლემა შეიქმნა, თანხას სრულად დაუბრუნებს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს რკინიგზის“მგზავრთა გადაყვანის დირექტორი, დაჩი ცაგურია წერს.

 

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ორ ვაგონზე მოულოდნელად გაითიშა კონდიცირების სისტემა. სამატარებლო ბრიგადის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ გზაში ვერ მოხერხდა აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება. ზესტაფონის სადგურში ამ ორი ვაგონიდან ჩამოვიყვანეთ მგზავრები და სხვა მატარებლით წავიყვანეთ ბათუმის მიმართულებით.

 

პირადად ჩავედით მე და ჩემი კოლეგები ადგილზე, მგზავრებს უშუალოდ გავესაუბრეთ, ავუხსენით სიტუაცია. მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი გაგებით მოეკიდნენ არსებულ პრობლემას. კიდევ ერთხელ ვუხდი ყველა მგზავრს ბოდიშს, ვისაც დისკომფორტი შეექმნა. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული რეისის იმ ვაგონის მგზავრებს, სადაც გაითიშა კონდიცირების სისტემა – საქართველოს რკინიგზა სრულად დაუბრუნებს ბილეთში გადახდილ თანხას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს“,- წერს დაჩი ცაგურია.

 

“პრაიმტაიმი”