ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: რუსულმა მხარემ მითხრა, რომ მათ ენერგიის იარაღად გამოყენება არ სურთ

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარია.

გერმანიის კანცლერის თქმით, აშშ-თან მიღწეული შეთანხმება არ ცხადყოფს იმას, რომ ბერლინისთვის რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა და პოლონეთი.

„მნიშვნელოვანია პროექტზე კომპრომისის გამონახვა. ვფიქრობ, რომ აშშ-ისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება, თუ ძირითადი ამოცანები სწორად განიასაზღვრება, ეს უკრაინისთვისაც კარგი იქნება“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესდეს, თუკი უკრაინის როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

„რუსულმა მხარემ მითხრა, რომ მათ ენერგიის იარაღად გამოყენება არ სურთ. ჩვენ არ ვართ დაუცველები“, – აღნიშნა მან.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.