ბათუმში კოკისპირული წვიმის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ ბათუმში ქუჩები და სახლების პირველი სართულები დატბორა.

დაიტბორა თევდორე თავდადებულის ქუჩის სახლების პირველი სართულები და სარდაფები, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. დაზარალებულები დახმარებას მერიას სთხოვენ. მათი თქმით, ძლიერი ნალექის დროს მათი სახლები ხშირად იტბორება.

ისინი მუნიციპალიტეტს სთხოვენ, დაეხმაროს მათ ინვესტორის პოვნაში, რომელიც ძველ შენობებს აიღებს და ახალ მრავალსართულიან სახლს ააშენებს.

წყალგამანაწილებელ კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ ტექნიკური ჯგუფები დილის 6 საათიდან მუშაობენ. ისინი წმენდენ სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელ არხებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქალაქში დაახლოებით ათი სახლი დაიტბორა.

„ამოტუმბვითი სამუშაოები დილიდან დავიწყეთ და მთელი დღე გაგრძელდება. დატბორვა უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. აღნიშნული ლოკაციები ქალაქის დაბალ წერტილებში მდებარეობს და წყლის გატარება სწრაფად ვერ მოხდა“, – განუცხადეს კომპანიაში „აჭარის ტელევიზიას”.

საქართველოში ცხელი ამინდის შემდე ტემპერატურა მკვეთრად შემცირდა და უხვი ნალექი მოვიდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმა და ქარი 24 ივლისამდე გაგრძელდება.

“სპუტნიკი”