სულ ახლახანს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დიდი ზეიმით აღნიშნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისთავი – პარტიის, რომლის მეთაურობით ჩინეთმა შეძლო მრავალი შეცდომის დაშვება, მაგრამ უფრო მეტი წარმატების მოპოვება. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ, როდესაც უშვებ შეცდომებს, თუ მათ გამოსწორების გზები მოჰყვება, პოზიტიური შედეგებიც არ აყოვნებს.
სწრაფი რეაგირების, შეცდომების დაძლევის სურვილი თუ მოიკოჭლებს საზოგადოებაში — შეცდომას შეცდომა ემატება; დროში გაჭიმული ნეგატიური მოვლენა სამარადისოდ იქცევა, რომლის ამოსაძირკვად ჩვეულებრივი რეფორმები უძლურია. ის კარდინალურს, რევოლუციურს მოითხოვს, რაც, თავის მხრივ, ძველის ნგრევას და სისხლს უკავშირდება — ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლას.
რევოლუცია გამოცანაა — ან გამოადგება საზოგადოებას, ან არა. რევოლუციას გაცილებით სჯობს გარდაქმნა, რაც შეუძლებელია დაბალი საზოგადოებრივი განვითარების სტადიაში მყოფი ქვეყნისთვის, ვინაიდან მმართველი კლასი ჯიუტად აგრძელებს თავის მიერ ამორჩეულ, მაგრამ საზოგადოებისთის მიუღებელ გზაზე სვლასა და მარტივ ნიშნებსაც არ ავლენს მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
მკითხველი მიხვდება, ვინ მყავს მხედველობაში — საქართველო და მისი ყველა ხელისუფლება, ბოლო 30 წლის განმავლობაში რომ ჯიჯგნის ქვეყანას.
არსებული ცუდი ცხოვრების კარგით ჩანაცვლება, ცუდის გამკეთებლის შეცვლით უნდა განხორციელდეს — სწრაფად და საქმიანად. დროის გაყვანა, გაჭიანურება საიქიოსკენ ექაჩება ქვეყანას, ხალხს. მაგრამ ისმის კითხვა — არის თუ არა მმართველ პარტიაში ძალა, რომელიც მზადაა რეფორმების გასატარებლად?
აი, ჩინეთის კომპარტიაში ასეთი ძალა გამოჩნდა, ჯერ მაო ძედუნის, ხოლო შემდეგ დენ სიაოპინის სახით. პირველმა ჩამოაყალიბა კომპარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მეორემ — არსებულ საზოგადოებას ქვეყნის გარდაქმნის პროექტი შესთავაზა. არა ძველის ლანძღვა-გინება, რეპრესიებით, არამედ თვალნათელი მაგალითებით, ახალი წარმატებების დემონსტრირებით.
გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო დენ სიაოპინის რეფორმები — კომპარტიასთან ერთად, კომპარტიის დახმარებით და დომინანტური როლით. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო — მაღალჩინოსანი პარტიელის, მაო ძედუნის დროს რეპრესირებული დენ სიაოპინის მხრიდან.
არადა, იმ ჩანაფიქრის განხორციელებას, რომლითაც დენ სიაოპინი ქვეყნის განვითარებას გეგმავდა, კომპარტიის გაჭაჭანებაც კი მიუღებელი უნდა ყოფილიყო — ისე, როგორც საბჭოთა კავშირში. დენ სიაოპინმა სხვა გზა აირჩია — შეუჯვარებელის შეჯვარება კომუნისტურ საზოგადოებაში, აზროვნებაში კაპიტალიზმის შეტანა.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის არის კატა; მთავარია, თაგვებს იჭერდეს“ — დენ სიაოპინის ამ ნათქვამიდან ნათელი იყო, რომ ქვეყანა განვითარების ახალ გზას დაადგა — ისევ კომუნისტური პარტიის წინამძღოლობით. და დროის სულ მცირე მონაკვეთში, მშიერი (პირდაპირი მნიშვნელობით) ქვეყანა, მსოფლიოს ლამის პირველ ქვეყანად გადაიქცა.
სიტყვა „ლამის“ შემთხვევით არ გამომიყენებია, ვინაიდან მსოფლიოს ექსპერტთა მონაცემებით, სულ მალე ჩინეთი მსოფლიო პირველობას ჩამოართმევს აშშ-ს. ის გახდება უძლიერესი — მოსახლეობის სიმრავლიდან დაწყებული, მეცნიერებისა და ეკონომიკის, აგრეთვე სხვა დარგების განვითარებით დამთავრებული.
ნაწყვეტი ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიიდან: “ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ 100 წლის განმავლობაში მიღწეულის თაობაზე”