ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო.

ღონისძიება ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და პედაგოგის, ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საიუბილეო საღამოზე კომპოზიტორის ცნობილი საოპერო ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები შესრულდა. ღონისძიებაში ოპერის თეატრის ყველა თაობის სოლისტები, ორკესტრი და სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი მონაწილეობდა. ასევე გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო კომპოზიტორის ფოტოები, თეატრალური აფიშები და კოსტიუმები.

„XIX – XX საუკუნეებს თავისუფლად შეიძლება დაერქვას ქართული კულტურის რენესანსი, რაშიც მკაფიოდ გამოკვეთილი როლი მიუძღვის ზაქარია ფალიაშვილს. ის, თავისი ნოვატორული ხედვით, ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ფალიაშვილს უკავშირდება ქართული მუსიკის პროფესიონალიზაცია და ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშის შექმნა. მის ოპერებსა და ნაწარმოებებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა და კვლავაც აღიზრდებიან, “ – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

 

“იმედინიუსი”