რუსეთს ვაშინებთ – ძლევამოსილი მარში სენაკიდან ორფოლომდე

სენაკიდან ორფოლოს პოლიგონის მიმართულებით მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა Agile Spirit 2021-ში ჩაერთვება.

მრავალფუნქციური მოდულური „დიდგორი მეომარისა“ და სამედიცინო საევაკუაციო „დიდგორი მედევაკის“ ტიპის ჯავშანმანქანები სენაკიდან ორფოლოს პოლიგონის მიმართულებით საქართველოს დროშებითა და სწავლების საიუბილეო ლოგოთი მარშირებით გადაადგილდნენ. ქართული წარმოების ჯავშანტექნიკამ ნელი სვლით ქუთაისის ცენტრშიც ჩაიარა.

კონვოის ესკორტირება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუწიეს.

„დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანები საქართველოს თავდაცვის ძალებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს გადაეცა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. ჯავშანმანქანები თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. „დიდგორი“ კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი.