დასავლეთ საქართველოს “დედა-მდინარე”, რიონი, თავის ხეობიანად, თურქულ კომპანიას დარჩება – ეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ნამახვანის “მცველთა” პროტესტი აღარ ისმის – ყველაფერი ჯერ “ფეისბუკში” შეყარეს, ახლა კი ევროპული “მედიაცია” ასრულებს ქართველების ფაფხურს.
საინფორმაციო სააგენტოები – მოკლედ და კონკრეტულად:
“ნამახვანჰესის” მშენებლობის გარშემო განვითარებული მოვლენები, ახალ ფაზაში გადადის.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ წამოწყებული მედიაციის ფარგლებში ექსპერტები ეკოლოგიურ სისტემებზე ზემოქმედებას შეისწავლიან.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მხარეთა განსაზღვრული ვალდებულებები ძირითადად შესრულებულია. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ამის წარმატებულ შედეგად რკინის ღობის აღებასა და აქტივისტების გათავისუფლებას ასახელებს.
“მედიაციის შემდეგი ფაზა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას წარმოადგენს. უნდა მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი გამორიცხვა. მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტების შერჩევაში”, – აღნიშნავს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება” – გვაუწებს ერთ-ერთი მათგანი.
საიდან სად “ჩამოვედით”, ატყობთ? ცხვრის ფარად ქცეულ ქართველებს თურქები სავაჭროდ იყენებენ – აჭერინებენ ან, თუ საჭიროა, ათავისუფლებინებენ ხელისუფლებას. განხილვის საგანი ის კი აღარ არის, რომ ხეობა არ უნდა გადაეცეს თურქულ კომპანიას (სინამდვილეში – თურქეთის სახელმწიფოს), არამედ აქცენტი მხოლოდ ეკოლოგიაზე კეთდება, ისიც, ბუნდოვნად. ვერავინ იტყვის, რა ჩაითვლება “იდენტიფიცირებულ რისკად”. ევროპელი ექსპერტები იტყვიან, რომ დამბა არ გასკდება, დატბორვის საშიშროება არ იქნება – ქართველების კრება დარჩება კმაყოფილი და გაღიმებული. შესაძლოა, ალაგ-ალაგ ვინმე კიდევ აყაყანდეს, უკმაყოფილება გამოთქვას, მაგრამ არა უშავს, მალე ჩაცხრება ყველაფერი.
სამაგიეროდ, ჩვენ გაუთავებლად ვიმსჯელებთ 5 ივლისის “ძალადობაზე”, ჰომოსექსუალებზე, ტრანსსექსუალებზე, წულუკიანსა და მიკროფონზე, კიდევ სხვა “მომიჯნავე” თემებზე…
საქართველო კი…