თამარ გაბუნია: ნებისმიერი ხარჯი, რაც გაიწევა კოვიდინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ, სრულად იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
ნებისმიერი ხარჯი, რაც გაიწევა კოვიდინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ, სრულად იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ტოცილიზუმაბთან დაკავშირებით გასულ კვირას სპეციალურად შედგა კლინიკური ჯგუფის შეხვედრა და ვისაუბრეთ ყველა პრობლემაზე და რაც კითხვები ჰქონდათ, ვფიქრობ, სრულად ამოიწურა. საკითხი დგას ასე, ნებისმიერი ხარჯი, რაც გაიწევა კოვიდინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ, სრულად იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ანუ ამ შემთხვევაში კლინიკა, რომელიც გასწევს ხარჯს ტოცილიზუმაბთან ან ნებისმიერ სხვა მედიკამენტთან მიმართებით, ეს ხარჯი ანაზღაურდება სრულად.
როცა არსებობს ასეთი ფაქტები, მეც ვნახე ფეისბუქ პოსტი, სადაც კონკრეტული კლინიკა და ექიმი მითითებული არ იყო, ამიტომ დავალებული დავრჩებით, თუ მივიღებთ ზუსტ ინფორმაციას, რადგან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნამდვილად არ არსებობს მიზეზი, დავალება მივცეთ პაციენტის ოჯახს, რომ თავად უზრუნველყოს მედიკამენტი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ამ პრეპარატის მწარმოებელთან, „როშესთან“. კომერციული გზით მედიკამენტი დღეს ქვეყანაში არსებობს, თუმცა გვინდა, რომ მეტად გამარტივდეს და სახელმწიფო შეკვეთა იყოს ამ მედიკამენტზე. მაგრამ დღეს ნამდვილად არც ფიზიკური ხელმისაწვდომობის და არც დაფინანსების პრობლემა არ დგას. შესაძლოა, ზოგიერთმა კლინიკამ არ იცოდეს, რატომ არ უნდა იცოდეს ვერ გეტყვით, მაგრამ მზად ვართ, დეტალურად ვესაუბროთ“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, გაბუნიამ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიძინა კულუმნეგოვმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოჯახს კლინიკაში მედიკამენტი მიატანინეს, რომლის საჭირო დოზის ღირებულებაც 5000 ლარია.
ვრცლად – „ზარი კლინიკიდან ოჯახში, მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5000 ლარი – წამალმა, რომელზეც ბიძინა კულუმბეგოვი წერს, პაციენტი გადაარჩინა.
წყარო: ptn.ge