ვაქცინებზე ფეისბუკზე ათასი ჭორი ვრცელდება, უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის შესახებ ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია, ამიტომ მოსახლებამ მეცნიერებს უნდა დაუჯეროს და არა ფეისბუკზე გავრცელებულ დაუზუსტებელ ცნობებს.

„ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინების თაობაზე. მინდა ვთხოვო ყველას, მოსახლეობას: დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა ფეისბუკის საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორ-მართალს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 26 ივლისს მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რატომ მიაჩნია, რომ ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია:

„მთავარი არის ის, რომ აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, არის პრაქტიკულად გამორიცხული. შესაბამისად, მინდა ყველას მოვუწოდო, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ ჩვენი მშობლების, შვილების, და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობა“, – მიმართა ღარიბაშვილმა მოსახლეობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში ჩამოტანილია 1.5 მლნ დოზა ვაქცინა, საიდანაც ნახევარი მილიონი ფაიზერის წარმოებისაა, 1 მლნ კი ჩინური წარმოების სინოფარმი და სინოვაკი.

მისი განცხადებითვე, დაახლოებით ერთი თვის ან თვე-ნახევრის განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ, ქვეყანაში ფაიზერის 1 მლნ დოზა შემოვა, რისი მიწოდებაც უკვე დაწყებულია (ამ რაოდენობის ვაქცინა მთავრობა უშუალოდ მწარმოებლისგან შეისყიდა).


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 26 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 404 023 შემთხვევა დადასტურდა. 374 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 714 გარდაიცვალა.

 

“ნეტგაზეთი”