განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ.დ. დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ტ.ჩ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ტ.ჩ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
– “სამართალდამცველებმა ზ.დ. 2020 წლის 13 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზ.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ – აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: ptn.ge