ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ავიანიუსი“ TAV Georgia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ისრაელის ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.
ავიარეისების გაუქმების მიზეზი ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებია, რომლის მიხედვით ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალშია შეყვანილი და ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.
წყარო: itv.ge