დღეს ვიოლა ფონ კრამონი თბილისში კონსულტაციების გამართავს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვის შეხვდება ევროპარლამენტარი.
ევროპელი დეპუტატი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა და აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. მანამდე ის Twitter-ზე საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეაფასა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის ქმედებები.
19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ამერიკელი სენატორიც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. გადაწყვეტილების სესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.
წყარო: itv.ge