Johnson & Johnson-ის ვაქცინა და გიიენ-ბარეს სინდრომი – რა უნდა ვიცოდეთ (მიმოხილვა)

აშშ-ს წამლისა და სურსათის ადმინისტრაციამ (FDA) გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინამ, შესაძლოა, გიიენ-ბარეს სინდრომის განვითარების რისკი მცირედად გაზარდოს.

განცხადება აშშ-ს წამლისა და სურსათის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ J&J-ით იმუნიზირებულ 100-მდე ადამიანს, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 42 დღის შემდეგ, გიიენ-ბარეს სინდრომი განუვითარდა. თითქმის ყველა მათგანს, 95 ადამიანს, ჰოსპიტალიზება დასჭირდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

აშშ-ს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი 100 ადამიანიდან უმეტესობას 50 წელს გადაცილებული მამაკაცები წარმოადგნენდნენ, რომელთაც სინდრომი იმუნიზაციიდან 2 კვირის შემდეგ განუვითარდათ.

მეცნიერების ნაწილი, რომლებიც FDA-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაეცნენ, აცხადებენ, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის მიმღებთა შორის გიიენ-ბარეს სინდრომის განვითარების შანსი 4-5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკის მთლიან პოპულაციაში.

რეგულატორმა შესაბამისი გაფრთხილება ვაქცინის შესახებ არსებულ ინფორმაციას დაურთო, რათა პაციენტებისთვისა და J&J-ის პროვაიდერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მტკიცებულები ვაქცინასა და სინდრომს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საკმარისი მაინც არაა. ამ საკითხზე მოკვლევა გრძელდება“ – აღნიშნულია FDA-ის განცხადებაში.

FDA-მ ასევე აღნიშნა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინიდან მიღებული სარგებელი, მის გვერდით მოვლენებს ბევრად აღემატება.

J&J-ი აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე FDA-სთან და სხვა ჯანდაცვის ორგანოებთან აქტიურად თანამშომლობენ.

|რა არის გიიენ-ბარეს სინდრომი

გიიენ-ბარეს სინდრომი იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტევა ნერვებს უტევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გიიენ-ბარეს სინდრომის დროს იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში ყოფნის დროს მხოლოდ „უცხოს“ უნდა უტევდეს, თავისივე ორგანიზმის ნერვებს აზიანებს.

გიიენ-ბარეს სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მას ხშირად წინ ინფექციური დაავადება, მაგალითად რესპირატორული ინფექცია ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსული ინფექცია უსწრებს.

სინდრომი კიდურებში სისუსტეს იწვევს და საბოლოო ჯამში,შესაძლოა, სხეულის სრული პარალიზებაც გამოიწვიოს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამერიკაში ყოველწლიურად გიიენ-ბარეს სინდრომის 3,000 – 6,000 შემთხვევა ვლინდება. უმეტესობა მათგანი 50 წელს გადაცილებულია.

|რა სიმპტომები ახასიათებს

გიიენ-ბარეს სინდრომი ხშირად ფეხებსა და ტერფებში ჩხვლეტის და სისუსტის შეგრძნებით იწყება, რომელიც შემდგომ სხეულის ზედა ნაწილსა და ხელებში ვრცელდება. სინდრომის პროგრესირებასთან ერთად კუნთების სისუსტე პარალიზებაში გადადის.

გიიენ-ბარეს სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

ჩხვლეტის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში, კოჭებში და მაჯებში
ფეხების სისუსტე, რომელიც შემდგომ სხეულის ზედა ნაწილში ვრცელდება
უსწორმასწორო სიარული, სიარულის ან კიბეზე ასვლის შეუძლებლობა
სახის და თვალის მოძრაობის გართულება, მათ შორის ყლაპვის, ღეჭვის და ლაპარაკის
მოშარდვის და კუჭში გასვლის გართულება
აჩქარებული გულისცემა
დაბალი ან მაღალი სისხლის წნევა
სუნთქვის გაძნელება

FDA-ის ინფორმაციით, სიმპტომები ვაქცინაციიდან 42 დღის განმავლობაში ვლინდება.

|მსგავსი რა ადრეც მომხდარა?

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაქცინამ გიიენ-ბარეს სინდრომის განვითარების რისკი გაზაირდა.

მაგალითად: 1976 წელს ღორის გრიპის ვაქცინაციის პროგრამამ სინდრომის განვითარებას შეუწყო ხელი. იმ დროს ყოველ 100,000 ვაქცინირებულ ადამიანზე სინდრომის ერთი შემთხვევა ვლინდებოდა.

გიიენ-ბარეს სინდრომის განვითარების რისკს ზრდის გრიპის ვაქცინაც.

„ჯერჯერობით უცნობია, რატომ იწვევს ზოგიერთი ვაქცინა გიიენ-ბარეს სინდრომს. ამ ყველაფრის ბიოლოგიური მექანიზმი ბოლომდე არ გვესმის”,- აცხადებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის, ვაქცინების უსაფრთოხების ცენტრის დირექტორი, პროფესორი სალმონი.

|მაინც უნდა გავიკეთო ვაქცინა?

დიახ ექსპერტების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვაქცინასა და გიიენ-ბარეს სინდრომს შორის კავშირი დადასტურდება, Johnson & Johnson-ის ვაქცინიდან მიღებული სარგებელი, მის გვერდით მოვლენებს ბევრად აღემატება.

აშშ-ს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ამერიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების უმეტესობა არავაქცინირებულია.

„ყველაფერს თან სდევს რისკი. მთავარი მიზანი ასეთ დროს რისკების შემცირება და სარგებელზე კონცეტრირებაა. კოვიდი საკმაოდ საშიში დაავადებაა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“ – ამბობს პროფესორი სალმონი.

მომზადებულია AP-ს, NY Times-ის, Bloomberg-ის, Reuters-ისა და CNN-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

წყარო: ptn.ge