საარჩევნო მარათონი დაიწყო და უცებ გამოიკვეთა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია – ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში ჩატარების საშუალება არ მისცენ.
ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ტერორია გამოცხადებული ყველა მიმართულებით.
პროფესიონალი პროვოკატორების, დებოშიორების, ფსიქოლოგიურ ძალადობაში დატრენინგებული ე.წ. ჟურნალისტების ჯგუფები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დევნიან და აბულინგებენ ყველგან – პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, სხვადასხვა სახის შეხვედრებზე, ქუჩაში, სადარბაზოში, სახლში.
„ქართულ ოცნებას“ დევნიან და აბულინგებენ „ნაცმოძრაობის“ კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიების ეკრანებიდან და ამ ხაზგასმული აგრესიის და ღია ტერორის ორგანიზატორებად ამ ტელევიზიების მეპატრონეები და მენეჯერები გვევლინებიან.
არსებობს ასეთი სამართლებრივი ტერმინი – პოლიტიკური დევნა.
რაც დღეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ხდება, ეს არის ნამდვილი პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, თუმცა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ უმსგავსობისთვის დანაშაულის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ მიუციათ.
„ნაცმოძრაობას“ და ოპოზიციას რომ ჰკითხო, ეს დანაშაული კი არა, კონსტიტუციით მინიჭებული და გარანტირებული სიტყვის თავისუფლებაა, გამოხატვის თავისუფლებაა, თუმცა კონსტიტუციაში არსად წერია, რომ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვს, იძალადოს მეორე პოლიტიკურ ჯგუფზე.
ისმის კითხვა: სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება ხულიგნობა, ადამიანის შეურაცხყოფა, მისი ღირსების შელახვა, მიზანმიმართული დამცირება და ტალახის სროლა, რაც კანონით დასჯადია?
ისმის მეორე კითხვა: ხელისუფლებაში მყოფ პირს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ სად მთავრდება ეს თმენის ვალდებულება, რადგან არ შეიძლება ის სადღაც არ მთავრდებოდეს, სადღაც არ იყოს გავლებული წითელი ხაზი, რომლის იქით გადაბიჯება შენი მოწინააღმდეგის მხრიდან თმენის ვალდებულებისგან გათავისუფლებს.
გინახავთ, ალბათ, ასეთი სურათი: პარლამენტარს, მამისტოლა კაცს, მიკროფონებით „შეიარაღებული“ გოგო-ბიჭები მისდევენ და „ჩამჭრელ“ კითხვებს აყრიან: რატომ მოგვიკალით ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავა? კითხვაზე რატომ არ გვპასუხობთ, მშიშარა ხართ? თქვენ დემაგოგი ხომ არ ხართ? რატომ გააყალბეთ არჩევნები? გავრილოვის ღამე თქვენ მოაწყვეთ? „ქართული ოცნება“ პუტინის დავალებებს ასრულებს? და ა. შ. და ა. შ.
პარლამენტარს გზას უღობავენ, ალყაში აქცევენ, მიკროფონებს პირში ჩრიან, გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, მოკლედ რომ მოვჭრათ, ადამიანს თავისუფლებას უზღუდავენ, ფაქტობრივად, ტყვედ აჰყავთ, თუმცა, ვინმემ რამე რომ უთხრას ამ მოძალადეებს, მყისვე აქეთ შემოგიტრიალდებიან: ჩვენ ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას ვასრულებთ და ხელს ნუ გვიშლითო.
კი, მაგრამ, სად, რომელ კანონში წერია, რომ ჟურნალისტებს უფლება აქვთ, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ, ღირსება შეულახონ, გადაადგილების საშუალება არ მისცენ, თავისუფლება შეუზღუდონ?
აკრედიტებულ ჟურნალისტებს უფლება აქვთ, შევიდნენ პარლამენტში, დაესწრონ პარლამენტის სხდომებს, მოიპოვონ ინფორმაციები და გააშუქონ პარლამენტის მუშაობა, მაგრამ, რამდენად გამართლებულია (რამდენად კანონიერია), როცა ჟურნალისტები, თავიანთი ჟურნალისტური მოვალეობის პარალელურად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ისე იქცევიან, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები?!
ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ვინაიდან ჟურნალისტები სარგებლობენ განსაკუთრებული სტატუსით, ხომ არ იყენებს რომელიღაც პოლიტიკური პარტია მათ მოიერიშე ძალად და მათი დახმარებით ხომ არ აპირებს ახალი რევოლუციური ტალღის აგორებას, დეზორგანიზაციის და დესტაბილიზაციის გამოწვევას, სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის პარლამენტის, დასუსტებას და დემორალიზებას?
ეჭვიო, კი ვთქვით, მაგრამ რაღა ეჭვი – შექმნილ სიტუაციას რომ ვაკვირდებით, დადასტურებულ ფაქტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლებას, ქართულ სახელმწიფოს, ჟურნალისტების მანდატით აღჭურვილი ნაციონალები უტევენ.
დიახ, ეს ჟურნალისტები თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ „ნაცმოძრაობის“ არალეგალურ წევრებად, მის ფარულ, იატაკქვეშა ორგანიზაციად, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მთავარი შტაბიდან იმართება.
თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ შევუწყვეტთ აკრედიტაციას ამ ფსევდოჟურნალისტებს, ამ შენიღბულ ნაცებს?
სრულიად გაუგებარია, რას აკეთებს და რას არეგულირებს მარეგულირებელი კომისია ბატონი ბექაურის ხელმძღვანელობით, რომელსაც რატომღაც შეუმჩნეველი რჩება სამი ტელეკომპანიის „მთავარის“, „ტვ-I-ის“, „ფორმულას“ აშკარად ანტისახელმწიფოებრივი, აშკარად მავნებლური და ძველ ტერმინს თუ ვიხმართ, აშკარად ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელსაც ეს ტელეკომპანიები მხოლოდ „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი საქართველოს წინააღმდეგ ეწევიან.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინმე დაინტერესდა და ვინმემ დაიანგარიშა, რა ეკონომიკური და ფინანსური ზარალი მიადგა ქვეყანას ამ ტელეკომპანიების მიერ განხორციელებული არაერთი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, დივერსიული ქმედებების შედეგად?
ვინმემ დაიანგარიშა, რამდენი ათეული მილიონით იზარალა საქართველომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეკრანზე მისი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ გაჟღერებული პროვოკაციის გამო, რომლის მიზანი რუსეთ-საქართველოს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება და უკიდურესი ესკალაცია იყო.
რა მოჰყვა „მთავარის“ მიერ განხორციელებულ ამ პროვოკაციულ აქტს, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, აეღო კალკულატორი და ბუღალტრულად დაეანგარიშებინა, რა კოლოსალური ზიანი მიადგა ქვეყანას „მთავარის“ მიერ დაგეგმილი ამ მზაკვრული მავნებლობის წყალობით.
ზემოთნახსენები ეს სამი ტელევიზია თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ უცხოელი ინვესტორები, ტურისტები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაარწმუნოს, რომ საქართველო არასტაბილური, არასაიმედო სახელმწიფოა, სადაც ჰყვავის კრიმინალი და კორუფცია, სასამართლო მართულია ხელისუფლების მიერ, სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან და ა. შ.
ნახეთ, ამ ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემები, ტელეშოუები, სიუჟეტები, „დოკუმენტური“ მასალები – ყველაფერი ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – რაც შეიძლება ნეგატიურ ფერებში წარმოაჩინოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
ეს ყველაფერი, ცხადია, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, თუმცა ის ცდება მმართველი გუნდის ოპონირების ჩარჩოებს და მთლიანად, მთელ სახელმწიფოს არყევს და აზიანებს.
რაც დღეს ხდება, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არაა პოლიტიკური დებატები პარტიებს შორის, ეს არის ერთი კრიმინალურ-ფაშისტური ორგანიზაციის, „ნაცმოძრაობის“, მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბიანი შეტევა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელახლა ცდილობს საქართველოს დაპყრობას, საქართველოს ოკუპაციას, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 2003 წელს.
ნუ გაგაოცებთ და ნუ გაგაკვირვებთ, რასაც ახლა ვამბობ: დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ შინაური დამპყრობელია, შინაური ოკუპანტია, მოძალადეა, რომელიც არჩევნებისთვის კი არა, ქვეყნის დასაპყრობად ემზადება, ხოლო ეს ტელევიზიები ამ დამპყრობელი და ოკუპანტი ძალის იდეოლოგიური დესანტია, მისი მეწინავე რაზმია. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა ეს შეფასება უნდა მისცეს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად საშიშ და სახიფათო მოვლენებს, რომლებიც შეიძლება დიდ უბედურებაში გადაიზარდოს, თუ მისი დროული პრევენცია არ მოხდა.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის კონგრესის, ევროკავშირის, კელი დეგნანის, შარლ მიშელისა თუ კარლ ჰარცელის გასაგონად, ხმამაღლა და გარკვევით, ნათლად და მკაფიოდ უნდა თქვას, რასთან გვაქვს საქმე და მათთან შეთანხმებით, მათთან დათათბირებით, მათთან კონსულტაციებით უნდა მოძებნოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.
გამოსავალი არის ერთადერთი – ხელისუფლებას უნდა მიეცეს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული წესრიგის დამყარების საშუალება.
აი, ეს არის ქართველი ხალხის უმთავრესი და უპირველესი მოთხოვნა.
ქართველ ხალხში არც „ქართული ოცნების“, არც „ნაცმოძრაობის“ არც რომელიმე სხვა პარტიის მხარდამჭერებს ვგულისხმობთ მხოლოდ.
ქართველი ხალხი უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა ერთობა.
ქართველი ხალხი დაიღალა მუდმივი რყევებით, მუდმივი აგრესიით, მუდმივი პოლიტიკური ქიშპით და ძიძგილაობით, მას მშვიდობა და სტაბილურობა სურს, მშვიდობა და სტაბილურობა კი წესრიგის გარეშე შეუძლებელია.
წესრიგიო, რომ ვამბობთ, არც რეპრესიებისკენ მოვუწოდებთ ვინმეს, არც ავტორიტარიზმისკენ, არც დიქტატურისკენ.
კონსტიტუციურ ნორმებზე და კანონებზე დამყარებული წესრიგი თავის თავში გულისხმობს სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიას, რომლითაც უნდა აღიკვეთოს სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის ნიღბით შენიღბული ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, პროვოკაციული და ავანტურისტული თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
საქართველო დაიღალა სააკაშვილებით და ბოკერიებით, ადეიშვილებით და მერაბიშვილებით, ოქრუაშვილებით და უგულავებით, გვარამიებით და მელაძეებით, თარგამაძეებით და გრიგოლიებით, ამ ძალადმაცხონეებით, ამ ფარისევლებით და თვალთმაქცებით, რომლებიც თვალისდაუხამხამებლად გაწირავენ მთელ ქვეყანას, ოღონდ საკუთარი ეგოისტური ამბიციები დაიკმაყოფილონ.
როგორც წერილის დასაწყისში ვთქვით, `ნაცმოძრაობის~ მხრიდან „ქართული ოცნების“ წინაღმდეგ ფართომასშტაბიანი ტერორია გამოცხადებული ყველა მიმართულებით, რითაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ არამედ, პირველყოვლისა, ქართული სახელმწიფო ზიანდება.
ამ ტერორს წერტილი უნდა დაესვას, სანამ ტერორისტები თვითონ არ დაუსვამენ წერტილს ქართული სახელმწიფოს არსებობას.
ვახტანგ ხარჩილავა
,,საერთო გაზეთი”