რა წერია ამერიკელი სენატორების განცხადებაში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხება.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
გადაწყვეტილებას მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ისევე საერთაშორისო პარტნიორებისგან.
რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელიც 28 ივლისს, პარტია „ქართულმა ოცნების“ მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, ოპოზიციის ნაწილთან აპრილში მიღწეული შეთანხმების ანულირებას ეხება.
ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი დიდ იმედგაცრუებას გამოხატავს საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლნების გამო.
მათი შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ძირს უთხრის შარლ მიშელის დოკუმენტით შეთანხმებული რეფორმების ძალისხმევას.
„აშშ-მა ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად, რომ გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასაჯულების და საარჩევნო რეფორმებისთვის. იმედგამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა“ – ნათქვამია განცხადებაში.
სენატორების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვან დროს, კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება იყო „ქართული ოცნების“ განზრახვა, ცალმხრივად თქვას უარი 19 აპრილის შეთანხმებაზე. ამერიკელი სენატორების განცხადებით, დიდწილად სწორედ მმართველი პარტიაა ვალდებული, გვერდით გადადოს პოლიტიკური უთანხმოებები და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს.
სენატორების მოწოდებაა ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, კანონის უზენაესობის განმტკიცებისადმი განუხრელი ერთგულება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერად განორციელება.
გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება
ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და დააზიანოს აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ასეთი შედეგი კი, მომგებიანია მხოლოდ კრემლისთვის.
განცხადებას ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.
წყარო: newposts.ge